მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბაგირი“ - ტურისტული ატრაქციონი მტირალას ეროვნულ პარკში

610170dd459e9
თელარა გელანტია
29.07.21 10:15
1625
მტირალას ეროვნული პარკი ერთ-ერთია საქართველოს იმ ოთხ დაცულ ტერიტორიას შორის, რომელთაც UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა, ამიტომ თუ წელს აჭარისკენ მოგზაურობას და მტირალას ეროვნული პარკის დალაშქვრას დააპირებთ, „ბაგირში“ აუცილებლად უნდა შეიაროთ.

„ბაგირი“ ტურისტული ატრაქციონია, რომელიც ვიზიტორებს სხვადასხვა აქტივობას სთავაზობს. როგორც bm.ge-ისთან საუბარში კომპლექსის მფლობელი რომან გორჯელაძე ყვება, საოჯახო ბიზნესი, დაახლოებით, 6 წლის წინ დაიწყეს და ამ დრომდე 1 მლნ ლარამდე ინვესტიცია აქვთ განხორციელებული. ობიექტი 15-მდე ადამიანს ასაქმებს და მათი უმრავლესობა ადგილობრივია.

„6 წლის წინ ყველაფერი ერთი რესტორნით დავიწყეთ. აჭარულმა კერძებმა და სტუმარმასპინძლობამ ტურისტების სიყვარული მალევე დაიმსახურა. ვიზიტორების რიცხვიც წლიდან წლამდე მზარდი იყო, რადგან ჩვენი რესტორანი მტირალას პარკს ესაზღვრება და ფაქტობრივად, შეუძლებელია, გვერდი აუარო. ამ დროის განმავლობაში, ტურისტების და შესაბამისად, მოთხოვნის ზრდასთან ერთად ინფრასტრუქტურის განვითარებაზეც ვზრუნავდით და დღეს უკვე ვიზიტორებს სხვადასხვა ტურს ვთავაზობთ, მათ შორისაა: ცხენებით გასეირნება (ნახევარი საათი - 50 ლარი) და კვადროტურები (ნახევარი საათი - 120 ლარი). ასევე, ზიპლაინი (25 ლარი), ტირი და ა.შ. თუმცა ყველაზე მთავარი მაინც სამზარეულოა, რომელიც უცხოელებს განსაკუთრებით უყვართ“, - ამბობს რომან გორჯელაძე.



რაც შეეხება იმას, რა გავლენა იქონია პანდემიამ ტურისტების გეოგრაფიაზე, „ბაგირის“ მფლობელი გვიყვება, რომ კორონავირუსმა უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა, რა თქმა უნდა, შეამცირა და 2020 წელს ძირითადად, საქართველოს მოქალაქეებს მასპინძლობდნენ.

„2021 წელიც რთული ჩანს. მართალია, მაის-ივნისში ვიზიტორების ნაკადის აღდგენის გარკვეული ნიშნები იყო, მაგრამ ინფიცირების ზრდის ტემპი პირდაპირ აისახება ტურისტების რიცხვზე. მაგალითად, წელს განსაკუთრებით ბევრი სტუმარი გვყავდა ისრაელიდან, ძირითადად, ჯგუფურად ჩამოდიან, მაგრამ ისრაელის მიერ საქართველოს „წითელი ზონის“ ქვეყნების სიაში შეყვანამ მათი რიცხვი მაშინვე შეამცირა“, - აღნიშნა რომან გორჯელაძემ.



მისივე თქმით, გარდა ისრაელისა, „ბაგირს“ ხშირად სტუმრობენ უკრაინელი და არაბი ტურისტები. „პანდემიამდე ვიზიტორების გეოგრაფია ძალიან ფართო, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გვყავდა ტურისტები. სტუმრების ნაწილი თავად გვიკავშირდება, ნაწილი კი ტურისტულ კომპანიებს მოჰყავს“, - ამბობს რომან გორჯელაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები