მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაიდენი ამერიკელებს 200-მდე ჩინურ კომპანიასთან ვაჭრობას აუკრძალავს - Reuters

ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებულ შტატებს და ჩინეთს შორის სავაჭრო ომი გრძელდება. გავლენიანი ბრიტანული გამოცემის, Reuters-ის ინფორმაციით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ჩინეთის წინააღმდეგ ტექნოლოგიური სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს, რომლებიც მადლიერების დღესთან დაკავშირებული უქმე დღეების წინ გამოცხადდება. ახალი რეგულაციით, აშშ-ის ხელისუფლება მიკროჩიპებისა და ნახევარგამტარების მწარმოებელ 200-მდე ჩინურ კომპანიას დაასანქცირებს, რაც ნიშნავს, რომ ამერიკულ კომპანიებს მათთან ვაჭრობა აეკრძალებათ.

აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მიერ დამატებითი სანქციების შესაძლო დაწესება მიგვანიშნებს, რომ ჯო ბაიდენი თეთრ სახლში დარჩენილი რამდენიმე თვის გატარებას ეფექტიანად გეგმავს. ამ რეგულაციის გარდა, აშშ-ის ხელისუფლება სანქციების კიდევ ერთ პაკეტზე მუშაობს, რომლითაც ჩინეთში დიდი მოცულობის მეხსიერების ბარათების ექსპორტი აიკრძალება, რაც ხელოვნური ინტელექტის განვითარებას უკავშირდება. აშშ-ის ხელისუფლება შიშობს, რომ თუ ჩინეთში წამყვანი ამერიკული ტექნოლოგიის ექსპორტი გაგრძელდება, ჩინეთი მას სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებს, რაც აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის.

შეგახსენებთ, რომ სავაჭრო ომი, რომელიც დონალდ ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს დაიწყო, ჯო ბაიდენის მმართველობის პირობებშიც გაგრძელდა. როგორც ოქტომბერში გახდა ცნობილი, ჩინეთის ხელისუფლებამ აშშ-ის მიმართ ახალი ტექნოლოგიური სანქციები დააწესა. ამჯერად, ჩინეთმა აშშ-ში ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების, ანუ ისეთი მოწყობილობების ექსპორტი აკრძალა, რომელთა გამოყენება შეიძლება, როგორც ყოველდღიური, ასევე სამხედრო გამოყენებისთვის, ანუ ძირითადად, ეს რეგულაცია დრონებს უკავშირდება.

სი ძინპინის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ არის, რადგან ცოტა ხნით ადრე, ოფიციალურმა ვაშინგტონმა ჩინეთი რუსეთისთვის დრონების და სხვა მსგავსი მოწყობილობების გადაცემაში დაადანაშაულა და შედეგად, რამდენიმე ჩინური კომპანია დაასანქცირა, ანუ ამერიკულ კომპანიებს მათთან ყოველგვარი ვაჭრობა აუკრძალა. ამ ჩამონათვალში, სხვათა შორის, მოხვდა საცალო და კომერციული დრონების მსოფლიოს უდიდესი მწარმოებელი, ჩინური DJI-იც მოხვდა.

როგორც ჩინეთში ამბობენ, ჩინეთს არასდროს მიუწოდებია იარაღი არც რუსეთისთვის და არც უკრაინისთვის, ხოლო ორმაგი დანიშნულების მოწყობილობების ექსპორტს ხელისუფლება მკაცრად აკონტროლებს. სანქციების ახალი პაკეტი, რომლის მიზანი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების და ინტერესების დაცვაა, ძალაში 1-ელი დეკემბრიდან შევა. ამასთან, ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი რუსეთის ქალაქ ყაზანში ოფიციალური ვიზიტისთვის ემზადება, რომლის ფარგლებში BRICS-ის კავშირის წევრ სხვა სახელმწიფო ლიდერებს შეხვდება. გამორიცხული არ არის, რომ სი ძინპინისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შემდეგ, სანქციების ახალი პაკეტი რუსეთის ფედერაციაზე არ გავრცელდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები