მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაიდენი, სავარაუდოდ, ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზის მოსაწყობად, მოლაპარაკებებს იაპონიის პრემიერთან აწარმოებს

აშშ იაპონია

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ქვეყანაში პირველი ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზის მოწყობას გეგმავს, რისთვისაც იგი იაპონიაში წარმოებულ სწრაფ მატარებლებს შეისყიდის - წყაროს ინფორმაციით, აღნიშნულ პროექტზე მოლაპარაკებებს ბაიდენი იაპონიის პრემიერ-მინისტრთან მიმდინარე კვირას, ვაშინგტონში გამართავს.

გამოცემის ცნობით, შეხვედრა 10 აპრილს შედგება, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, მხარეები ტეხასის შტატის მულტიმილიარდ დოლარიან პროექტს საჯაროდ დაუჭერენ მხარს.

აღსანიშნავია, რომ იაპონიის პრემიერი, ფუმიო კაშიდა, ბოლო 9 წლის განმავლობაში პირველი ლიდერია, რომელიც აშშ-ს ეწვია - ვიზიტის მიზანი მოკავშირე ქვეყნებს შორის ახლო ეკონომიკური კავშირის დემონსტრაციაა.

Reuters-ის ინფორმაციით, იმ სარკინიგზო პროექტის განხილვა, რომელიც დალასს ჰიუსტონთან დააკავშირებს, დღის წესრიგში ნამდვილად დგას, რასაც სააგენტოს რამდენიმე ანონიმური წყარო უდასტურებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ მხარეები საერთო განცხადებასაც გაავრცელებენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ თავად ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ პროექტის განხილვები იმ სტადიაში ჯერ არ გადასულა, რომ საჯარო განცხადებისთვის მზად იყოს.

380 კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზი, რომლის მოწყობაც, სავარაუდოდ, $30 მილიარდამდე დაჯდება, ტეხასის ორ მთავარ ქალაქს შორის სწრაფ მიმოსვლას უზრუნველყოფს და მგზავრობის დროს 3.5 საათიდან 90 წუთამდე შეამცირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები