მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაიდენი vs ტრამპი – როგორ ჩაიარა საპრეზიდენტო დებატმა?

biden vs trump

გასულ კვირას ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის პირველი დებატი გაიმართა. 2020 წლის შემდეგ პირველად, 81 წლის ჯო ბაიდენი და 78 წლის დონალდ ტრამპი ერთმანეთს საჯაროდ დაუპირისპირდნენ და მათი შერკინება თითქმის 1.5 საათი გაგრძელდა.

პოლიტიკოსების მსჯელობის თემა რამდენიმე საკითხს დაეთმო, მათ შორის იყო: ეკონომიკა, ინფლაცია, საგარეო პოლიტიკა, მიგრაცია და აბორტის უფლება.

ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ დაპირისპირების პროცესში ტრამპი შემტევის პოზიციაში იყო, ბაიდენი კი საკუთარი პოზიციის დაცვას ცდილობდა, თუმცა მის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების უმეტესობა არა უშუალოდ პოლიტიკის მართებულობას, არამედ საკუთარ პერსონას უკავშირდებოდა, რაც ამერიკულ კულტურაში არგუმენტის სისუსტეზე მიუთითებს.

ბაიდენის ძირითადი საუბრის თემა უმდიდრესი მოსახლეობის საკითხს შეეხებოდა. მისი თქმით, ამჟამად ამერიკაში 1,000-მდე მილიარდერი ცხოვრობს, მათი უმეტესობა კი გადასახადებს თავს არიდებს ან მხოლოდ 8%-ს იხდის, რაც მიუღებელია. როგორც ბაიდენი აღნიშნავს, თუკი მილიარდერები გადასახადის სახით 25%-ს გადაიხდიან, მაშინ ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემების უმეტესობა მოგვარდება, მათ შორის, გადაიჭრება საბიუჯეტო დეფიციტის და სავალო კრიზისის პრობლემა. ტექნიკურად როგორ მოხდება ეს ყველაფერი, ბაიდენს არ განუმარტავს, რითაც ტრამპმა ისარგებლა და მის ხედვას არასერიოზული უწოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად ამერიკის უმდიდრესი მოქალაქეების უმეტესობა, მათ შორის, მილიარდერები, მეწარმეები, ბანკირები და უოლ-სტრიტის წარმომადგენლები მხარს ტრამპს უჭერენ, როგორც მათთვის უფრო ხელსაყრელ და პრაგმატულ კანდიდატს.

ტრამპის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების წინააღმდეგ ბაიდენი არანაკლებ დაუნდობელი იყო. მისი თქმით, დებატის განმავლობაში ტრამპის მიერ წარმოთქმული ყოველი წინადადება ტყუილი და მანიპულაცია იყო, რაც მოქალაქეებმა არ უნდა დაიჯერონ, რადგან ტრამპი ხელისუფლებაში დაბრუნებას ტყუილებით ცდილობს. ბაიდენი იმასაც აღნიშნავს, რომ კაპიტოლიუმზე თავდასხმის ორგანიზებით ტრამპმა ძალადობრივი გზით ხელისუფლების გადატრიალება სცადა, რადგან ის იმდენად უღირსი პიროვნებაა, რომ არჩევნებში დამარცხებას უბრალოდ ვერ ეგუება.

ტრადიციულად, საპრეზიდენტო კანდიდატების შერკინებას პირადი შეურაცხყოფის მიყენების გარეშე არ ჩაუვლია. ტრამპმა არაერთგზის დასცინა არასახარბიელო ფიზიკურ მდგომარეობაში მყოფ ბაიდენს და აღნიშნა, რომ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის ნათქვამი ნახევრად გაუგებარია, რადგან ის უკვე გამართულად აზრის დალაგებასაც კი ვეღარ ახერხებს. საპასუხოდ ამისა, ბაიდენმა ხაზი გაუსვა ტრამპის კრიმინალურ წარსულს და აღნიშნა, რომ მისგან განსხვავებით, ის ღირსეული პიროვნებაა, რომელსაც პორნოვარსკვლავის მოსყიდვა არასოდეს უცდია.

საინტერესოა, რომ ორივე მხარის ბრალდება გამართლებული იყო, ტრამპი მართლაც ცნო ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ზემოხსენებულ საქმეში დამნაშავედ, ხოლო ბაიდენის ფიზიკური მდგომარეობა ნამდვილად არ შეეფერებოდა იმ ადამიანს, რომელმაც პლანეტის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოს ლიდერობა უნდა ითავოს. მაყურებლისათვის განსაკუთრებით შესამჩნევი ბაიდენის უხერხული პაუზები, დაუსრულებელი წინადადებები, არასწორად წარმოთქმული სიტყვები და შუა გზაში შეწყვეტილი არგუმენტები იყო, რაც იმას ცხადყოფდა, რომ მოქმედ პრეზიდენტს არა მარტო მის მეტოქესთან, არამედ საკუთარ ფიზიკურ მდგომარეობასთანაც უწევდა გამკლავება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საპრეზიდენტო დებატი, ძირითადად, ამერიკაში არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებს დაეთმო, თუმცა ადამიანი ვერ გახდება ზესახელმწიფოს პრეზიდენტი თუ მას საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით მკაფიო ხედვა არ აქვს.

კანდიდატების დაპირისპირების ერთ-ერთი პირველი საკითხი ისრაელი-ჰამასის კონფლიქტს შეეხო. ტრამპის თქმით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კაბინეტი ზედმეტად ზღუდავს ისრაელს და მას არ აძლევს საჭირო მხარდაჭერას იმისათვის, რომ კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ამ შემთხვევაში, ტრამპი მეტი იარაღის მიწოდების აუცილებლობაზე და ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ ძალის გამოყენების საჭიროებაზე მიუთითებს.

ბაიდენი აღნიშნავს, რომ ამერიკის მიზანი კონფლიქტის მალე დასრულება და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევაა, რისთვისაც მთავრობა ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს.

ტრამპის განცხადებით, კონფლიქტებთან მიმართებით ბაიდენის უუნარობას ყველაზე კარგად ავღანეთიდან ამერიკის ჯარის „სამარცხვინო“ გაქცევა წარმოაჩენს, რომლის გამოც ამერიკის თავდაცვის ძალები ჯო ბაიდენს ვერ იტანს. როგორც ტრამპი აღნიშნავს, ამ ქმედებით ავღანეთში ამერიკის თითქმის 20-წლიანი ძალისხმევა წყალში ჩაიყარა და თან ეს იქცა მწვანე შუქად რუსეთისთვის, რომელმაც შესაძლებლობით ისარგებლა და ამერიკის სუსტი პრეზიდენტის გამო, უკრაინაზე შეტევა გადაწყვიტა. ტრამპი იმასაც აღნიშნავს, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას ვერ გაბედავდა, რადგან ამისათვის საკადრის პასუხს მიიღებდა.

საერთო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი საპრეზიდენტო დებატი ტრამპის დომინაციითა და გამარჯვებით დასრულდა. დებატის დაწყებამდე, მხარდამჭერების რაოდენობა ტრამპსა და ბაიდენს შორის თითქმის თანაბრად იყო გადანაწილებული და სხვაობა სულ რაღაც 5%-ს შეადგენდა, თუმცა დებატის დასრულების შემდეგ, მაყურებელთა 67% ტრამპს აცხადებდა გამარჯვებულად, ბაიდენის მხარდამჭერების რაოდენობა კი 33%-მდე იყო შემცირებული, რაც მის საპრეზიდენტო პერიოდში დაფიქსირებული ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. ასეთი შედეგის ფონზე, ამჟამად დემოკრატიული პარტია ბაიდენის კანდიდატურის მოხსნის პერსპექტივასაც განიხილავს, რაც ასევე უპრეცედენტო შემთხვევაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები