ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი და წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი, დონალდ ტრამპი თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ყოფილი პრეზიდენტი პენსილვანიის ქალაქ ბატლერში გამართულ შეკრებაზე სიტყვით გამოდიოდა, როცა შემაღლებულ ადგილას მყოფმა მამაკაცმა მას ცეცხლი გაუხსნა. დონალდ ტრამპი ყურში დაიჭრა, ხოლო თავდასხმას ერთი ადამიანი შეეწირა, ორი კი კრიტიკულად დაშავდა. როგორც შემთხვევიდან მალევე გახდა ცნობილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სნაიპერმა თავდამსხმელი მალევე გაანეიტრალა.
როგორც ოფიციალური განცხადებიდან გახდა ცნობილი, თავდამსხმელი ოცი წლის ადგილობრივი მამაკაცი, ტომას მეთიუ კრუქსი იყო, რომელიც თვითმხილველებმა ახლოს მდგომი შენობის სახურავზე დაინახეს. კრუქსს თან ჰქონდა AR-15-ტიპის ნახევრად ავტომატური იარაღი, რომელიც გამოძიებამ მისი სიკვდილის ადგილიდან ამოიღო. კონკრეტულად რა მოტივი ამოძრავებდა კრუქსს უცნობია, მაგრამ ამ საკითხით გამოძიების ფედერალური ბიურო დაინტერესდა, რომელმაც თავდასხმას დონალდ ტრამპის განზრახ მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაცია მიანიჭა. როგორც გამოძიებით დადგინდა, ტომას მეთიუ კრუქსის ვინაობა დნმ-ის ანალიზით დადგინდა, რადგან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა თავდამსხმელს თან არ ჰქონდა.
როგორც მედიაში გავრცელებული ინფორმაციიდან ვიგებთ, ტომას მეთიუ კრუქსი შემთხვევის ადგილთან ახლოს, ერთი საათის დაშორებით ცხოვრობდა. ის საკმაოდ ახალგაზრდა იყო და 2022 წელს ბეტელ პარკის საშუალო სკოლა წარჩინებით დაამთავრა და მათემატიკისა და მეცნიერების ეროვნული ფონდისგან $500-იანი სტიპენდიაც მოიპოვა. როგორც ჩანს, სკოლაში ის ნორმალური რეპუტაციით სარგებლობდა, რაზედაც The New York Times-ის მიერ გავრცელებელი ვიდეო მეტყველებს, სადაც კრუქსის მიერ სკოლის დიპლომის მიღებას დამსწრე საზოგადოება ოვაციებით ხვდება. ამასთან, კრუქსი რესპუბლიკური პარტიის რეგისტრირებული მხარდამჭერი იყო, მაგრამ 2017 წელს მემარცხენე და დემოკრატი პოლიტიკოსების მხარდამჭერ ორგანიზაციას, ActBlue-ს $15 შესწირა.
თავდამსხმელის სწრაფი განეიტრალების მიუხედავად, საზოგადოებაში და მედიაში არაერთი კითხვა გაჩნდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოქმედებასთან დაკავშირებით, რადგან მანამ, სანამ სნაიპერი ტომას მეთიუ კრუქსს გაანეიტრალებდა, თავდამსხმელმა რვაჯერ გაისროლა, მაგრამ არაზუსტად. თავდასხმის შემდეგ, დონალდ ტრამპს მისი პირადი დაცვის წევრები გადაეფარნენ და ყოფილი პრეზიდენტი შემთხვევის ადგილიდან გაიყვანეს. შემთხვევით თეთრი სახლის ზედამხედველობის და ანგარიშვალდებულების კომიტეტი დაინტერესდა, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, კიმბერლი ჩიტლი გამოკითხვაზე დაიბარა.
იმ დროს, როცა დაცვის წევრებმა ყოფილი პრეზიდენტი შემთხვევის ადგილიდან გაიყვანეს, სახეზე მას სისხლის ნაკვალევი ეტყობოდა, მაგრამ, როგორც მოგვიანებით თავად ტრამპმა დაწერა, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ხოლო თავდამსხმელმა ის მარჯვენა ყურში დაჭრა. დონალდ ტრამპმა მოსახლეობას ერთობისკენ მოუწოდა და გარდაცვლილი ადამიანის ოჯახს მიუსამძიმრა, ხოლო დაზარალებული პირების ოჯახებს გამძლეობა უსურვა. როგორც ჩანს, დონალდ ტრამპი საარჩევნო კამპანიას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.
როგორც ქვეყნის შიგნით ჩატარებული ბოლო სოციოლოგიური კვლევით დადგინდა, მოსალოდნელი საპრეზიდენტო არჩევნები, სავარაუდოდ, მეტად კონკურენტულ გარემოში ჩატარდება. Rasmussen Reports-ის დათვლებით, დონალდ ტრამპს გამოკითხულთა 49% უჭერს მხარს, როცა ბაიდენს - 43%. დონალდ ტრამპის გამარჯვებას პროგნოზირებენ The Economist-ისა და Emerson College-ის კვლევებიც, სადაც რესპუბლიკელი კანდიდატი ამჟამინდელ პრეზიდენტს სამი პროცენტით უსწრებს. ABC News-ისა და Washington Post-ის კვლევის შედეგებით, ბრძოლა თანაბარია და ორივე კანდიდატს გამოკითხულთა 46% უჭერს მხარს - ასეთივე შედეგებს ვხვდებით Gallup-ის გამოკითხვაში.
ბოლო დროს, აშშ-ის საარჩევნო კამპანია უცნაურ ვითარებაში მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ, დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის ოფიციალური დებატი გაიმართა, სადაც ჯო ბაიდენი ძალიან სუსტად გამოვიდა, რაც გადაღლილობას და გაციებას დააბრალა. მოგვიანებით, ჯო ბაიდენმა ვითარების გამოსწორება სცადა და ABC-ის ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც მისი გამოსვლა გაცილებით უკეთესი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბევრი ამერიკელი, მათ შორის დემოკრატიული პარტიის წევრი მიიჩნევს, რომ ჯო ბაიდენმა საკუთარი კანდიდატურა უნდა მოხსნას. თუკი ჯო ბაიდენის ცუდმა გამოსვლამ დონალდ ტრამპის რეიტინგი გაზარდა, კონკრეტულად რა გავლენა ექნება პენსილვანიის ქალაქ ბატლერში მომხდარ შემთხვევას არჩევნების შედეგებზე, ჯერ უცნობია.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი არ არის, რომელიც თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ასეთი ბედის გაზიარება შვიდ სხვა პრეზიდენტსაც მოუხდა, რომელთა დიდი ნაწილი სწორედ ამ ტიპის თავდასხმას ემსხვერპლა. სხვადასხვა დროს, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებულ ჭრილობას ემსხვერპლა, როგორც აბრაჰამ ლინკოლნი, ასევე ჯეიმს გარფილდი, უილიამ მაკკინლი, ჯონ ფიცჯერალდ კენედი და მისი ძმა, რობერტ კენედი. თავდასხმის მსხვერპლებს შორის ასევე ვხვდებით თეოდორ რუზველდტი და რონალდ რეიგანს. უკანასკნელად, თავდასხის მსხვერპლი სწორედ რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატი, რონალდ რეიგანი გახდა, რომელიც, მოგვიანებით, ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს