მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაიდენის ადმინისტრაციის განკარგულებით აშშ-ში ტყვიის შემცველი წყალსადენების ჩანაცვლება სავალდებულო გახდა

usa

ბაიდენის ადმინისტრაციამ დაასრულა მუშაობა განკარგულებაზე, რომლის თანახმადაც წყალმომარაგების კომპანიებს 10 წელი ეძლევათ იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული წყლის ყველა მილი, რომელიც ტყვიას შეიცავს და საზიანოა განსაკუთრებით ბავშვების ჯანმრთელობისთვის, ეტაპობრივად ახლით ჩაანაცვლოს - ამის შესახებ Reuters იტყობინება.

მავნე ნივთიერებების შემცველი მილების ცვლილება თეთრმა სახლმა თავისი გეგმის ცენტრალურ ნაწილად აქცია, რითაც ბოლო წლებში წყლის დაბინძურების გამოწვევებს პასუხობს.

თავის განცხადებაში პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ოფიციალური პირები დიდი ხანია საქმის კურსში არიან, სასმელი წყლის დაბინძურების შემთხვევების შესახებ, თუმცა ამ დრომდე საკითხს დამსახურებული პრიორიტეტული მდგომარეობა არ მიანიჭეს. ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ პრობლემის მოგვარებას დაჟინებით ითხოვს და არ შეჩერდება, ვიდრე გეგმას სისრულეში არ მოიყვანს. ტყვიის შემცველი წყალსადენების ჩანაცვლების მნიშვნელობაზე საუბრობს კამალა ჰარისიც, დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი.

ახალი წესით, სასმელ წყალში ტყვიის შემცველობის დაშვებული ლიმიტები გამკაცრდა, რადგან ამ მიმართულებით ფედერალური სტანდარტები ათწლეულების წინ დაწესდა და განახლებას საჭიროებს. განკარგულება წყალმომარაგების კომპანიებს საკუთარი სისტემების გადახედვასა და, საჭიროების შემთხვევაში, მათ შეცვლას ავალდებულებს.

ბაიდენის ადმინისტრაციის გეგმას რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელთა კრიტიკაც მოყვა - ზოგიერთი მათგანი მიიჩნევს, რომ საკუთარ სახლებში მილების ჩანაცვლებისთვის ხარჯების გაწევა მოქალაქეებს მოუწევთ.

ტყვიის მაღალი შემცველობა ნერვული სისტემების შეუქცევად დაზიანებას იწვევს და განსაკუთრებულად სარისკო ჩვილებისა და ბავშვებისთვისაა. ბაიდენის ადმინისტრაციის გამოთვლებით, ახალი რეგულაციის ამოქმედებით წლიურად 900 000-მდე ბავშვის დაავადების პრევენცია მოხდება.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს აშშ-მა ორპარტიული ინფრასტრუქტურული კანონის ფარგლებში სასმელი წყლის გაუმჯობესებისთვის $50 მილიარდი გამოყო, საიდანაც $15 მილიარდი 2026 წლამდე ტყვიის შემცველი წყალსადენების გამოცვლას უნდა მოხმარდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები