აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 31 მაისს ისრაელის მიერ შემოთავაზებული ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის სამფაზიანი გეგმა წარმოადგინა, რომლის თანახმადაც ისრაელი, მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ,ღაზაში საომარ მოქმედებებს შეწყვეტს. ბაიდენის თქმით, “ომის დასრულების დრო მოვიდა” და ამ ინიციატივას ჰამასისგანაც პოზიტიური შეფასება მოჰყვა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გეგმის პირველი ფაზა ექვსკვირიან პერიოდს ითვალისწინებს, რა დროსაც ისრაელის სამხედრო ძალა ღაზას სექტორის დასახლებულ ნაწილს დატოვებს. ამავე პერიოდში, ისრაელი მძევლების ნაწილს - მოხუცებსა და ქალებს - ასობით პალესტინელი ტყვის სანაცვლოდ გაათავისუფლებს. პალესტინის მშვიდობიან მოქალაქეებს სახლებში დაბრუნება შეეძლებათ, სადაც ყოველდღიურად მიიღებენ ჰუმანიტარულ დახმარებას.
ბაიდენის განმარტებით, ექვსი კვირის განმავლობაში ჰამასი და ისრაელი ცეცხლის მუდმივ შეწყვეტაზე გამართავენ მოლაპარაკებებს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მშვიდობიანი მდგომარეობა შენარჩუნდება მანამ, ვიდრე “ჰამასი საკუთარ ვალდებულებებს შეასრულებს”.
მეორე ფაზა, ბაიდენის განმარტებით, დარჩენილი მძევლების, მათ შორის, სამხედრო პირების გათავისუფლებას მოიაზრებს - სწორედ ამ დროს დატოვებენ ისრაელის სამხედრო ძალები ღაზას სრულად და საომარი მდგომარეობა პერმანენტულად დასრულდება.
მესამე ფაზა კი ღაზას აღმშენებლობის გეგმის შემუშავებასა და დარჩენილი მძევლების გათავისუფლებას ითვალისწინებს.
ბაიდენის განმარტებით, ჰამასმა აღნიშნული წინადადება ყატარისგან მიიღო. ისლამისტურმა დაჯგუფებამ განცხადებაც გაავრცელა, რომლითაც ბაიდენის გეგმა დადებითად შეაფასა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ჰამასი მზადაა, შევიდეს ნებისმიერ შეთავაზებაში, რომელსაც საფუძვლად უდევს ცეცხლის მუდმივი შეწყვეტა, ისრაელის ჯარების მიერ პალესტინის დატოვება და ღაზას აღმშენებლობა - მათივე თქმით, სამხედრო ტყვეების გაცვლის ინიციატივა ადასტურებს, რომ ისრაელი ამ პასუხისმგებლობისთვის მზადაა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ პრემიერმა გეგმას მხარი დაუჭრია და თავის გუნდ მოლაპარაკებების წარმოებაზე დასთანხმდა, თუმცა მისი პოზიცია, რომ ჰამასის სამხედრო და სახელისუფლებო შესაძლებლობები უნდა დასამარდეს - უცვლელია.
პარალელურად, ისრაელის ჯარმა ღაზას ჩრდილოეთ ნაწილი დატოვა. გეგმა ძალების რაფასკენ მიმართვაა, სადაც, მათი თქმით, ჰამასის ბოლო ძირითადი შტაბია განთავსებული.
კონფლიქტი ისრაელსა და ჰამასს შორის გასული წლის 7 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც ისლამისტური პალესტინური დაჯგუფება ჰამასი სამხრეთ ისრაელში შეიჭრა. საპასუხოდ ისრაელმა იერიში ღაზას სექტორზე მიიტანა.