გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, კომპანია "ორბის" არსებული განაშენიანების გათვალისწინებით, გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) წარდგენის ვალდებულება არ ჰქონია. ამის შესახებ ოთარ შამუგიამ BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა - ჰქონდა თუ არა კომპანია „ორბს“ გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება და აქვთ თუ არა რაიმე კითხვები ბახმაროს პროექტთან მიმართებით? კითხვის მეორე ნაწილზე მინისტრს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
„დოკუმენტების წარმოდგენას რაც შეეხება, მას აქვს ნებართვა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან როგორც ამას კანონი ითვალისწინებს. რაც შეეხება გზშ-ის ნაწილს, მისი წარდგენა მოქმედი კანონმდებლობით სავალდებულოა 10 ჰა-მდე განაშენიანების პროექტზე. მე როგორც ვიცი, ამ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვა 5,2 ჰა-ზე გაცემულია, შესაბამისად ის ასეთი ტიპის ნებართვას გარემოს სააგენტოდან არ საჭიროებს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
ინფორმაციისთვის ბახმაროში, "ორბი რეზიდენსის" მშენებლობასთან დაკავშირებით 14 თებერვალს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განაცხადა, რომ გარემოს დაცვითი შეფასების კოდექსის მიხედვით, არანაირი კონკრეტული ნებართვა იმ დროისთვის გაცემული არ იყო.
გუშინ თემაზე კომენტარი გააკეთეს კომპანიაშიც. „ორბის“ დირექტორი ასევე ამბობდა, რომ გარემოზე ზემოქმედების კვლევის ვალდებულება მხოლოდ იმ შემთხვევაში არსებობს, თუკი ტერიტორია 10 ჰა-ს აღემატება. ირაკლი კვერღელიძის თქმით კი წარდგენილი პროექტი 4 ჰა-ს მოიცავს, რის გამოც პროექტს ამ ტიპის კვლევა არ ჩატარებია.