მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბაკურიანი ინფრასტრუქტურულად იმაზე ცუდ მდგომარეობაშია, ვიდრე მანამდე იყო" - Unix Hotels Georgia-ის დამფუძნებელი

ბაკურიანი

ბაკურიანში მოქმედი ტურისტული ობიექტის Unix Hotels Georgia-ს დამფუძნებელი, ირაკლი გოგუაძე აცხადებს, რომ კურორტზე ინფრასტრუქტურის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზაფხულში მასშტაბურმა სამუშაოებმა არსებული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დააზიანა: „სადაც ძველი ასფალტი იყო, იქაც მოხრეშილია. ამ ყველაფრის დასრულება სეზონის დაწყებამდე ფიზიკურად ვერ მოესწრება”.

გოგუაძე მიიჩნევს, რომ 2025 წლის 20–21 დეკემბერს ბაკურიანში დაგეგმილი ფრისტაილის მსოფლიო თასის გაუქმების მიზეზიც სწორედ დაუმთავრებელი ინფრასტრუქტურა გახდა. ის დასძენს, რომ საერთაშორისო ტურნირების გაუქმება ადგილობრივ ბიზნესებზე მძიმე ზეწოლას ახდენს, თუმცა აღნიშნავს, რომ წარსულში სხვა ღონისძიებებიც „ძალიან მოუწესრიგებელ პირობებში“ ტარდებოდა.

„როდესაც ოფიციალურად გამოცხადებული ტურნირი უქმდება, ეს ბიზნესისთვის ძალიან ცუდია. ის ღონისძიებებიც, რაც ჩატარდა, იმდენად მოუწესრიგებელ პირობებში მიმდინარეობდა, რომ მსოფლიოს მასშტაბით “თავი მოვიჭერით”. არ გვქონდა მოწესრიგებული გზა, რათა სპორტსმენები დანიშნულების ადგილზე უსაფრთხოდ მიგვეყვანა“, - ამბობს გოგუაძე.

მისი განმარტებით, ბიზნესი სეზონისთვის წინასწარ თანხებს ხარჯავს, რათა ევროპულ სტანდარტებს მაქსიმალურად მოერგოს, თუმცა ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო, ეს ინვესტიციები „ტყუილად გაფლანგული რჩება“.

„ინფრასტრუქტურულად ბაკურიანი იმაზე ცუდ მდგომარეობაშია, ვიდრე მანამდე იყო. მთელი ზაფხული გადათხრილი იყო. 25-იანების მიმართულებით რაღაც უკვე კეთდება, მაგრამ დიდველისკენ ისეთი გზაა, რომ შევარდნაძის პერიოდსაც კი შერცხვებოდა. ამბობენ, რომ სეზონის დაწყებამდე მოესწრება, მაგრამ უკვე 23 ნოემბერია და 1-ლი დეკემბრიდან სასტუმროები აქტიურ მუშაობას ვიწყებთ. ძალიან რთულია პროგნოზის გაკეთება, როგორი ზამთარი გვექნება“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება დატვირთვას, სასტუმროში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ობიექტს ნულოვანი დატვირთვა აქვს, თუმცა დეკემბრიდან წინასწარი ჯავშნები უკვე არის. მისივე თქმით, იანვარში წინასწარი ჯავშნების რაოდენობა 80%-ს აღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები