მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბაკურიანის წყალმომარაგებაში 112-ის მანქანებიც ჩართეს

5e10db5f70702
შოთა ტყეშელაშვილი
04.01.20 22:33
1813
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, მათ წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, პროცესში 112-ის მანქანებიც ჩართეს, რომელთა ავზების მეშვეობითაც ბაკურიანს წყალი ბორჯომიდან და წაღვერიდან მიეწოდება. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის ნათქვამი.

"ბაკურიანის ძირითად ნაწილს წყალი სტაბილურ რეჟიმში მიეწოდება. ამ დროისთვის, საკურორტო ზონის 70 პროცენტი 24 საათიანი წყალმომარაგებით არის უზრუნველყოფილი.

წყლის მიწოდების პრობლემა აქვთ სასტუმროებს ,,რუმსს’’ ,,მგზავრებს’’ და ,,პანორამას’’, ასევე წაქაძისა და აღმაშენებლის ქუჩების ნაწილს. კერძოდ, სასტუმრო ,,მგზავრების’’ რამდენიმე კორპუსის წყალმომარაგება სტაბილურია, ხოლო კორპუსების მეორე ნაწილსა და სასტუმრო ,,პანორამას’’ წყლის მიწოდება შეზღუდული აქვთ საღამოს საათებში.

ბაკურიანში ბოლო დღეებში შექმნილი პრობლემის აღმოსაფხვრელად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბრიგადები ამ დრომდე მუშაობენ. ადგილზე იმყოფება კომპანიის მენეჯმენტი, მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები იმისათვის, რომ მოხერხდეს წყლის დამატებითი მარაგის მოძიება პრობლემის აღმოსაფხვრელად.
დღევანდელი სამუშაოების შედეგად, კომპანიის ტექნიკურმა ჯგუფმა წყლის მარაგის გაზრდის მიზნით, გარკვეულ მონაკვეთებზე ახალი მილი მოაწყო. პარალელურად, კომპანია ყველა იმ სასტუმროს, სადაც წყლის მიწოდება შეზღუდულია, ამარაგებს წყალმზიდების საშუალებით. პროცესში ჩართულია 112-ის მანქანები, რომელთა დახმარებით წყლის მიწოდება წყალმზიდებამდე წაღვერიდან და ბორჯომიდან ხორციელდბა. გარდა ამისა, სამაშველო მანქანები მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებენ შემკრები რეზერვუარის შესავსებად,"- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთანავე, კომპანია აცხადებს, რომ ზამთრის სეზონზე ბაკურიანში წყლის საკმარისი მარაგი არაა, რის გამოც სეზონზე პერიოდულად პრობლემები იქმნება. ორგანიზაციის ინფორმაციით, მათ აღნიშნულის შესახებ სასტუმროები წინასწარ გააფრთხილეს:

"გამომდინარე იქედან, რომ ტურისტული ობიექტების განაშენიანება ყოველწლიურად საკმაოდ სწრაფად იზრდება და სეზონის ყველაზე აქტიურ პერიოდში წყლის მოხმარება საკმაოდ მაღალია, არსებული მარაგი საკმარისი არ არის. აღნიშნულის შესახებ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას წინასწარ ქონდა კომუნიკაცია სასტუმროებთან და მოახდინა ინფორმირება სეზონის ყველაზე აქტიურ მონაკვეთში, წყლის მიწოდების შესაძლო შეზღუდვასთან დაკავშირებით.

ბაკურიანში ქსელის განვითარებისა და ახალი სისტემების მშენებლობის მეორე ეტაპის განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება, რაც საბოლოოდ აღმოფხვრის სეზონის აქტიურ პერიოდში წარმოქმნილ პრობლემებს,"- ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები