მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის ინფრასტრუქტურაზე 150 მლნ-ზე მეტი დაიხარჯება

6166bebb33bc5
შოთა ტყეშელაშვილი
13.10.21 15:38
808
ბაკურიანში სნოუბორდისა და ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა სახელმწიფოს 150 მილიონ ლარზე ძვირი დაუჯდება - ამის შესახებ დღეს გამართულ საპარლამენტო მოსმენაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა მომდევნო წელს ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის მიმართულების ბიუჯეტიდან დაფინანსდება, რომლის მოცულობაც 2020 წელთან შედარებით 150 მილიონი ლარით იზრდება.

“ეს თანხა მიდის მთის კურორტების ინფრასტრუქტურაზე, ეს კიდევ არასრული თანხაა და საექსპერტო დასკვნებს ველოდებით, ეს თანხა საჭიროა 2023 წელს თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის. აქ არის საუბარი 2 ტბისა და გათოვლიანების სისტემის მშენებლობაზე. ეს არის საკმაოდ ძვირი და 150 მილიონი ნამდვილად არ ეყოფა. ალბათ მოგვიწევს დამატება, 2022 ან 2023 წელს. დავუბრუნდები ისევ იმ თემას, რომ 4%-იან დეფიციტს არ უნდა გავცდეთ და თუ ეს გარდაუვალი იქნება, რომ 2022 წელს უნდა დაფინანსდეს, მაშინ სხვა რაღაცის შემცირება მოგვიწევს,” - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ბაკურიანში ფრისტაილის ჩემპიონატის ჩატარების იდეა წინა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ეკუთვნის; შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ 2017 წელს მიიღო, ხოლო საერთაშორისო ფედერაციის თანხმობა და ღონისძიების გამართვის შეთანხმება ქვეყანამ 2019 წლის 24 აგვისტოს გააფორმა. საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელმაც ამ ჩემპიონატის ჩატარების სურვილი გამოთქვა. ჩემპიონატი 2023 წლის მარტში გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები