მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბაკურიანში რეკრეაციული პარკი ივლისის ბოლოს გაიხსნება” - ეკატერინე ორჯონიკიძე

64ad1e36f21e2
ნანუკა ნარიმანიძე
15.07.23 18:58
951
ბაკურიანში ახალი რეკრეაციული პარკის მოწყობა მიმდინარეობს, რომელიც ივლისის ბოლოს დასრულდება, - ამის შესახებ “ბაკურიანის განვითარების სააგენტოს" თავმჯდომარემ ეკატერინე ორჯონიკიძემ გადაცემა “ქალების ნარატივში” სტუმრობისას ისაუბრა.

“ძალიან მალე მსოფლიოს ბანკის დახმარებით დასრულდება პარკის მშენებლობა, რომლის ნახვაც ვიზიტორებს ივლისის ბოლოდან შეეძლებათ. პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა სტადიონისა და სატრენაჟორო სივრცის მოწყობა, მომავალ კვირას კი, საფეხმავლო და საპიკნიკე ზონების მოწყობა დასრულდება”, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ბაკურიანში ზამთრის შემდეგ ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს, კერძოდ, ცენტრალურ ქუჩებზე შეიცვალა ღობეები, ჩაიდგა ერთნაირი ჯიხურები, მიმდინარეობს სახლების რეაბილიტაცია და იერსახის მოწესრიგებაც. ამასთან, სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ბაკურიანში ახალი საჯარო სკოლისა და ბაღის მშენებლობაც იწყება.

“ადგილობრივ მოსახლეობას ბევრი პრობლემა აქვს, პირველ რიგში, მათ სჭირდებოდათ სკოლისა და ბაღის მშენებლობა, წინა წლებში ამ პრობლემის გადაჭრა ვერ მოხერხდა, თუმცა, წელს ეს პრობლემა გადაიჭრა და აგვისტოს ბოლოდან სკოლის მშენებლობა დაიწყება, ეს იქნება 400-450 ბავშვზე გათვლილი ევროპული სტანდარტების სკოლა. რაც შეეხება ბაღს, მისი მშენებლობაც უახლოეს მომავალში დაიწყება”, - აღნიშნა ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, “ბაკურიანის განვითარების სააგენტო” არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მიზანია ბაკურიანის განვითარებაზე ზრუნვა და დაბაში არსებული სოციალური და ინფრასტრუქტურული სტანდარტების გაუმჯობესება. სააგენტო ორ წელზე მეტია, რაც ამ საქმითაა დაკავებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები