მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბაკურიანში, წყლის პრობლემის გადასაჭრელად მიმდინარე პროექტში, სახელმწიფო ₾200 მლნ-ზე მეტს დებს - რევაზ სოხაძე

რევაზ სოხაძე

ჩვენი მიზანია ბაკურიანი გახდეს საერთაშორისო დონის კურორტი, სრულყოფილი ინფრასტრუქტურით, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ბაკურიანში მიმდინარე პროექტების გაცნობისას განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად დაბა ბაკურიანში, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.

"ვერ ვმოძრაობთ იმხელა თხრილებია" - რა ხდება ბაკურიანში შიდა გზებზე?

"ეს სამუშაოები, დროებით, იწვევს დისკომფორტს, რის გამოც ბოდიშს ვუხდით ადგილობრივ მოსახლეობასა და დამსვენებლებს. სახელმწიფოს მხრიდან 200 მილიონ ლარზე მეტი იდება იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრას ეს პრობლემა კურორტზე. მკაცრი კლიმატური პირობების გამო სამუშაოების დრო შეზღუდულია, ამიტომ მნიშვნელოვანია, კომპანიებმა ინტენსიურად იმუშაონ, რათა პროექტი დროულად დასრულდეს. ჩვენი მიზანია, ბაკურიანი გახდეს საერთაშორისო დონის კურორტი, სრულყოფილი ინფრასტრუქტურით და განვითარების ახალი პერსპექტივებით“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბაკურიანში სამი პროექტის ფარგლებში ახორციელებს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობას. სამუშაოები ბაკურიანის სრულ არეალს მოიცავს და როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტრო აცხადებს, ობიექტების ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ 15 000-მდე ბენეფიციარი უწყვეტი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებითა და ახალი ინფრასტრუქტურით ისარგებლებს. პროექტები 2026 წელს დასრულდება. დაგეგმილია, აგრეთვე, წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას.

რევაზ სოხაძემ ბაკურიანში დაათვალიერა ბიატლონის ახალი ტრასაც, რომელმაც უკვე უმასპინძლა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა და მისი ღირებულება 18.2 მილიონ ლარზე მეტია.

რევაზ სოხაძე გაეცნო ცენტრალური სატრანსპორტო ჰაბის მშენებლობასაც, რომელიც სხვადასხვა მუნიციპალურ და ტურისტულ სერვისს გააერთიანებს ერთ სივრცეში.

შენობაში განთავსდება ბაკურიანის განვითარების სააგენტო, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სპეციალური ტექნიკის სადგომი, ადმინისტრაციული ოფისები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ჰაბი მოემსახურება როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე დამსვენებლებს და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სატრანსპორტო სისტემის ორგანიზებას მთელ კურორტზე. პროექტის დასრულება 2026 წელს იგეგმება.

გარდა ამისა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით იწყება ახალი საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობა, რაც უზრუნველყოფს ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გადაადგილებას, შეამცირებს ავტოტრანსპორტზე დამოკიდებულებას, განტვირთავს მოძრაობას და ხელს შეუწყობს ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები