მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბალტიმორის ხიდის ჩამონგრევის შემდეგ 6 ადამიანი გარდაცვლილად გამოცხადდა - BBC

გემი

26 მარტს, ბალტიმორის ხიდის ნგრევის შემდეგ დაკარგული 6 ადამიანი აშშ-ის სანაპირო დაცვამ გარდაცვლილად გამოაცხადა. უცხოური მედიის ინფორმაციით, პატაპსკოს მდინარეში გადარჩენის სამუშაოები შეწყდა და ამჟამად ცხედრების სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

26 მარტს, ადგილობრივი დროით 01:30 საათზე, საკონტეინერო გემი აშშ-ის სანაპირო ქალაქ მერილენდში, ბალტიმორის პორტში, ხიდს შეეჯახა, რის შედეგადაც ხიდი მთლიანად დაინგრა და მდინარეში ჩაიყოლა, მინიმუმ, 8 ადამიანი და რამდენიმე მანქანა.

გადარჩენის სამუშაოებისთვის აშშ-ის სანაპირო დაცვა ნავებსა და ვერტმფრენებს იყენებდა. მაშველებმა ორი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, საიდანაც ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

ადმირალი შენონ გილრეთი მედიასთან აცხადებს, რომ 6 ადამიანი, რომელთა პოვნაც ამ დრომდე ვერ ხერხდება, გარდაცვლილად გამოცხადდა. მისი განმარტებით, წყლის ტემპერატურისა და წყალქვეშ ყოფნის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, მათი გადარჩენის შანსები მინიმალურია. BBC-ის ინფორმაციით, ექვსივე მათგანი, შეტაკებამდე, ხიდზე ასფალტის საფარის შესწორებაში იღებდა მონაწილეობას.

სატრანსპორტო უსაფრთხოების ექსპერტებმა მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყეს. აშშ-ის ფედერალური მთავრობის სააგენტოს ინფორმაციით, სინგაპურში რეგისტრირებულ კონტეინერმზიდს, სახელწოდებით “დალი”, პორტის დატოვებისას ხარვეზი აღენიშნებოდა, რის შესახებაც ეკიპაჟის წევრებმა შესაბამის უწყებებს თავიდანვე აცნობეს. თუმცა რატომ გავიდა გემი მდინარეში, ტექნიკური გაუმართაობის მიუხედავად, და რამ გამოიწვია შეჯახება, ჯერჯერობით, უცნობია. ლოგისტიკურმა კომპანია, Synergy Marine Group-მა, რომელიც გადაზიდვებისთვის “დალის” იყენებდა, განაცხადა, რომ ეკიპაჟის 22-ვე წევრი უსაფრთხოდაა და გამოძიებასთან თანამშრომლობს.