მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გემის შეჯახების შედეგად, აშშ-ის პორტ ბალტიმორში ხიდი ჩამოინგრა - მსხვერპლის რაოდენობა უცნობია

ხიდი

Photo: REUTERS/Julia Nikhinson

26 მარტს, ადგილობრივი დროით 01:30 საათზე, საკონტეინერო გემის შეჯახების შედეგად, აშშ-ის ქალაქ მერილენდში, ბალტიმორის პორტში ფრენცის სკოტ კეის სახელობის ხიდი მთლიანად ჩამოიშალა და ადამიანები და მანქანები მდინარეში ჩაიტანა. უცხოური მედიის ინფორმაციით, მაშველებმა მდინარიდან ორი გადარჩენილი ამოიყვანეს, თუმცა სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება.

ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, მსხვერპლისა და მდინარეში მოხვედრილი მანქანების ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის, როგორც ბალტიმორის სახანძრო დეპარტამენტის წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა, პატაპსკოს მდინარეში მინიმუმ 20 ადამიანს, რამდენიმე ავტომობილს და დიდი მოცულობის ტრაქტორს ეძებენ. კევინ ქართრაითის განცხადებით, სამძებრო სამუშაოები რამდენიმე დღის მანძილზე გაგრძელდება, რადგან საუბარია მასობრივ მსხვერპლზე.

მერილენდის ხელისუფლებამ შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ფედერალური რესურსები მთლიანად შემთხვევის ადგილისკენ მიმართა. სამართალდამცავი უწყებების ცნობით, ტერორიზმის ნიშნები არ იკვეთება.

გემი, რომელიც ხიდს შეეჯახა, სინგაპურში რეგისტრირებული კონტეინერმზიდი Dali-ა, რომელიც კომპანია Grace Ocean Pte-ის მფლობელობაშია. გემს Synergy Marine ჯგუფი განკარგავს, რომელთა ცნობითაც, Dali გემის ერთ-ერთ ბურჯს დაეჯახა - შემთხვევის შედეგად ეკიპაჟის არც ერთი წევრი არ დაზიანებულა.

ბალტიმორი, ავტომობილების გადაზიდვისთვის, აშშ-ის ყველაზე დატვირთული პორტია, რომელიც წელიწადში, საშუალოდ, 800 000 ავტომობილს, მათ შორის ძვირად ღირებული ბრენდების მოდელებს, ატარებს.