მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბანძელაძის “ნოას სიზმარი” 250 000 ევროდ - თბილისში ჩატარებული პირველი საერთაშორისო აუქციონის შედეგები

ჰესსინკის აუქციონი

საქართველოში ჩატარებულ პირველ საერთაშორისო ხელოვნების აუქციონზე ალექსანდრე (შურა) ბანძელაძის 1989 წელს შესრულებული ნამუშევარი “ნოას სიზმარი” 250 000 ევროდ გაიყიდა (მყიდველის პრემიუმის გათვალისწინებით დაახლოებით 338 000 ევრო).

ნახატი მხატვრის აუქციონზე დღემდე ყველაზე ძვირად ღირებული ნამუშევარია და ამასთანავე, აუქციონზე ქართველი მხატვრის მიერ შესრულებული აბსტრაქტული ნამუშევრის მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

ნოას სიზმარი (Dream of Noah), 1989, შურა ბანძელაძე


აუქციონი სავსე დარბაზის და ორგანიზატორების დაძაბული მზერის ფონზე დაიწყო, თუმცა დაძაბულობის მიუხედავად, შედეგმა ყველას მოლოდინებს გადააჭარბა, აუქციონის 90-ვე ლოტი გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ “ნოას სიზმარის” გარდა აუქციონზე ბანძელაძის კიდევ ერთი ნამუშევარი გაიყიდა - “უსათაუროს” (1988) საბოლოო ღირებულებამ 150 000 ევრო შეადგინა.

უსათაურო, (Untitled), 1988, შურა ბანძელაძე

აუქციონის სხვა აღსანიშნავი ლოტებია, მამუკა ცეცხლაძის მასიური ტილო “The Tiger”, რომელიც აუქციონის მესამე ყველაზე ძვირად ღირებული ლოტი გახდა, ნამუშევრის საბოლოო ღირებულებამ 130 000 ევრო შეადგინა.

The Tiger, 1988, მამუკა ცეცხლაძე

ლია ბაგრატიონის ინსტალაცია “13 Aquarium and a Fish” კი შთამბეჭდავ 30 000 ევროდ გაიყიდა. საღამოს ყველაზე მოულოდნელი შედეგით კი გელა წულაძის “The chair”-ის აუქციონი დასრულდა, ნამუშევარი სავარაუდო საბოლოო ღირებულებაზე თითქმის სამჯერ უფრო ძვირად 13 000 ევროდ გაიყიდა.

13 Aquarium and a Fish, 2025, ლია ბაგრატიონი

იაშარ აჯამის, ჰესსინკის სააუქციონო სახლის დამფუძნებლის და მმართველი პარტნიორის თქმით, აუქციონის ჯამურმა ღირებულებამ 1,3 მილიონი ევრო შეადგინა, რაც ადასტურებს საქართველოში გამართული პირველი საერთაშორისო აუქციონის უდავო წარმატებას.

The chair, გელა წულაძე

აუქციონზე მონაწილეობის მიღება შესაძლებელი იყო როგორც ადგილზე, ასევე ტელეფონით ან ონლაინ, როგორც ჰესსინკის ასევე სხვა საერთაშორისო სააუქციონო სახლების პლატფორმებით. მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ და სატელეფონო აქტივობა უფრო მაღალი იყო, იმის გათვალისწინებით, რომ ქართული საზოგადოებისთვის ხელოვნებით ვაჭრობის ეს სტილი ჯერ კარგად ნაცნობი არაა, დარბაზში აქტივობა მაინც მაღალი იყო, და არა ერთი ლოტი სწორედ დარბაზში მყიდველს ერგო, მათ შორის მერაბ კოპალეიშვილის “ირემი” 2024, რომელიც 10 000 ევროდ აუქციონის მონაწილემ ნომრით 64 მოიგო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები