ბანგლადეშში გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში აბსოლუტური გამარჯვება “ნაციონალისტების პარტიამ” მოიპოვა. საუბარია პარტიაზე, რომელმაც ძალაუფლება 2009 წელს დაკარგა და ბოლო წლების განმავლობაში შეიხ ჰასინას ოპოზიციაში იყო. სწორედ შეიხ ჰასინას დიქტატორული მმართველობის დასრულებაში შეტანილი წვლილის გამო დაუჭირა მას მხარი მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა, მათ შორის, ახალგაზრდობამ, რომლის დახოცვის ბრძანებაც 2 წლის წინ აგორებული საპროტესტო გამოსვლების დროს პირადად პრემიერ-მინისტრმა გასცა. ამ მოცემულობით, “ნაციონალისტების პარტია” მე-13 მოწვევის პარლამენტში 299 მანდატიდან 212-ს მიიღებს და საკანონმდებლო ორგანოში გადაწყვეტილებების თითქმის ერთპიროვნულად მიღებას შეძლებს. არსებული ინფორმაციით, ახალ მთავრობას 18-წლიანი დევნილობიდან დაბრუნებული ტარიკუ რაჰმანი უხელმძღვანელებს.
როგორც ირკვევა, 12 თებერვალს ჩატარებულ არჩევნებში 175-მილიონიანი ქვეყნის მოსახლეობის 60%-მა მიიღო, რაც, დაახლოებით 20%-ით აღემატება 2024 წლის არჩევნებზე მისულთა რაოდენობას. აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნების პარალელურად ქვეყანაში რეფერენდუმიც გაიმართა, რომელშიც 2.85-მა მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათმა უდიდესმა ნაწილმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რომელიც კანონმდებლებს ავალდებულებს, პრემიერ-მინისტრის მმართველობის პერიოდი 2 4-წლიანი ვადით განსაზღვრონ, რათა აღარასდროს დაუშვან ძალაუფლების ერთი ადამიანის ხელში ისე კონცენტრირება, როგორც ეს შეიხ ჰასინას შემთხვევაში მოხდა.
ანალიტიკოსების შეფასებით, აბსოლუტური მანდატის მინიჭება “ნაციონალისტების პარტიას” საშუალებას მისცემს, ქვეყანა პოლიტიკური გაურკვევლობიდან გამოიყვანონ და 2024 წლის საპროტესტო გამოსვლების შემდეგ დაზიანებული ეკონომიკა გამოაცოცხლონ. შეგახსენებთ, ბოლო 2 წლის განმავლობაში ხელისუფლება გარდამავალ მთავრობას ჰქონდა ჩაბარებული. თუმცა დროებით კაბინეტს რადიკალური ნაბიჯების გადადგმა არც პოლიტიკის და არც ეკონომიკის კუთხით არ შეეძლო, ტარიკუ რაჰმანის გუნდს კი ექნება უფლება, გაატაროს ყველა საჭირო ზომა, რათა მოსახლეობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს.
სავარაუდოა, რომ "ნაციონალისტების" გამარჯვება კიდევ უფრო დაძაბავს არსებულ კონფლიქტს ინდოეთსა და ბანგლადეშს შორის, რადგან 2024 წლის პროტესტების სისხლიანი ჩახშობისა და გადადგომის შემდგომ შეიხ ჰასინამ თავი სწორედ ნიუ დელის შეაფარა. დღემდე, ნარენდრა მოდის ხელისუფლება მის გადაცემაზე უარს აცხადებს, რაც კიდევ უფრო ამწვავებს დაპირისპირებას ქვეყნებს შორის.




























