Bank of America-მ 2026 წლის პირველი კვარტალის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა და ანალიტიკოსთა მოლოდინებს გადააჭარბა. კომპანიის შემოსავალმა $30.43 მილიარდი შეადგინა, რაც ნავარაუდებ $29.93 მილიარდზე მეტია.
ბანკის წმინდა მოგება 17%-ით გაიზარდა და $8.6 მილიარდს მიაღწია. რაც შეეხება ინვესტორებზე გასაცემი დივიდენდების მოცულობას, მან ერთ აქციაზე $1.11 შეადგინა, მაშინ როდესაც LSEG-ის პროგნოზი $1.01-ს არ სცდებოდა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ეს მაჩვენებელი Bank of America-სთვის ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში რეკორდულია.
შედეგების ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აქციებით ვაჭრობის მიმართულებამ, სადაც შემოსავალი 30%-ით გაიზარდა. ამ სეგმენტიდან მიღებულმა თანხამ $2.83 მილიარდი შეადგინა, რაც ბოლო 15 წლის საუკეთესო შედეგია. 21%-ით გაუმჯობესდა საინვესტიციო საბანკო მიმართულების შემოსავლები, საიდანაც მოგების სახით ბანკმა $1.8 მილიარდი მიიღო. რაც შეეხება წმინდა საპროცენტო შემოსავალს, მაჩვენებელი 9%-ით გაიზარდა და $15.9 მილიარდი შეადგინა. ბანკის აღმასრულებელი დირექტორის, ბრაიან მოინიჰანის განცხადებით, მომხმარებელთა აქტივობა სტაბილურია და კრედიტების ხარისხი გაუმჯობესებას განაგრძობს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ I კვარტალის მაჩვენებლების გათვალისწინებით, ბანკმა წლიური საპროცენტო შემოსავლის ზრდის პროგნოზი 6-8%-მდე გაზარდა. ეს მაშინ, როცა აქამდე კომპანია მხოლოდ 5-7%-იან ზრდას ვარაუდობდა.
აქვე უნდა ითქვას, რომ დადებითი კვარტალური შედეგის დაფიქსირების მიუხედავად, Bank of America-ს აქციების ფასი სავაჭრო სესიის გახსნისას მხოლოდ 0.06%-ით გაიზარდა.




























