მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკები და მათი მდგრადობა

ბანკი
02.12.23 15:45
474

ძველ დროს, ბანკის გაკოტრებისგან გადარჩენისთვის რეალურად ერთადერთი გზა იყო: ვინმე
უნდა მოსულიყო და მოეტანა ოქრო. ოქრო აკეთებდა საქმეს.

უორენ ბაფეტი

ბანკების გაკოტრება შეიძლება იყოს განსაცვიფრებლად სწრაფი და ტოტალური. მაგალითისთვის შეიძლება გავიხსენოთ ერთ-ერთი უძველესი ბრიტანული ბანკის, ბერინგის (Barings Bank), დაცემა 1995 წელს.

ბანკმა ვერ დაფარა უპასუხისმგებლოდ რისკიანი ფიუჩერსების ტრეიდერის, ნიკ ლეისონის „წყალობით“ დაგროვებული 837 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების (1.8 მილიარდი ფუნტი დღეის ღირებულებით) ღია პოზიციები და 1762 წელს დაარსებულმა ბერინგ ბანკმა შეწყვიტა არსებობა.

2008 წელს გაკოტრდა 1850 წელს დაარსებული, აშშ-ს სიდიდით მეოთხე საფინანსო ინსტიტუტი, ლემან
ბრაზერსი (Lehman Brothers). ამ შემთხვევაში კი გაკოტრების მიზეზი იყო საბანკო საქმიანობის ანგარიშგების ბოროტად წარმართვის, 2008 წლის იპოთეკური სესხების კოლაფსით დაწყებული ფინანსური კრიზისის და ზერისკიანი ღია მოკლე პოზიციების კომბინაცია.

ზემოხსენებული ორი შემთხვევა ძალიან დინამიკურად განვითარდა, მაგრამ ა.წ. მარტში ერთი ბანკის კოლაფსი რეკორდულად სწრაფი იყო.

სილიკონის ველის ბანკი (Silicon Valley Bank, SVB), ბანკროტი გახდა რეკორდულად სწრაფ დროში - 40 საათში! 8 მარტს ბანკი აცხადებს, რომ ის ზრდის წილობრივ კაპიტალს 2 მლრდ. აშშ დოლარით, რომლის ნაწილის გამოყენება განზრახული იყო ობლიგაციების ვაჭრობით გამოწვეული ზარალის
დასაფარად.

ამის შემდეგ დაიწყო ბანკის ბალანსის რევიზია, რომელმაც უცბად გამოავლინა, რომ ბანკის აქტივების ნახევარზე მეტი შეადგენდა ხანგრძლივ, არასტანდარტული საინვესტიციო ჰორიზონტის მქონე ობლიგაციებს. საპასუხოდ, ბანკის კლიენტებმა დაიწყეს დეპოზიტების გატანა, რამაც მასიური ხასიათი
მიიღო. გატანილი დეპოზიტების ღირებულებამ შეადგინა 43 მლრდ.

აშშ დოლარი, რაც იყო მთლიანი საბანკო დეპოზიტების დაახლოებით 25%. 10 მარტს ბანკი უკვე ბანკროტი იყო. საოცარია, რომ ორმოცწლიანი გამოცდილების ბანკი გაკოტრდა იმ რისკის გაუთვალისწინებლობის შედეგად, რომლის შესახებ ფინანსების კურსის პირველი კურსის სტუდენტმაც კი იცის.

აშშ-ს ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ უმალვე მიიღო შესაბამისი ზომები, რომ ა) ზემოთ ხსენებული ერთი ბანკის კოლაფსს არ მისცემოდა დომინოს ხასიათი, რაც ძალიან საშიში პროცესია, ბ) მომავალში მსგავსი მიზეზებით გაკოტრება აღარ მომხდარიყო.

ჯერჯერობით კი შედეგი ის არის, რომ საბანკო სისტემა ალბათ უფრო მყიფედ გამოიყურება, ვიდრე სავარაუდოდ ეს ეგონა ფედერალურ სარეზერვო სისტემას, ბანკირებს და მომხმარებლებს. ხოლო ცუდი მოლოდინი ხშირად რეალობად იქცევა, განსაკუთრებით კი ფინანსურ სფეროში.

ბლოგის დასასრულს კი მოვიხმობ ციტატას პულიცერის პრემიის ლაურეატის, ლიაკვათ აჰამედის წიგნიდან “Lords of Finance: The Bankers Who Broke the World” (ფინანსების ბარონები:

ბანკირები, რომლებმაც დააზიანეს მსოფლიო): „Watching the world’s central bankers and finance officials grappling with the current situation—trying one thing after another to restore confidence, throwing everything they can at the problem, coping daily with unexpected and startling shifts in market sentiment—reinforces the lesson that there is no magic bullet or simple formula for dealing with financial panics“

(დაკვირვება მსოფლიოს ეროვნული ბანკირების და ფინანსისტების ჭიდილზე, რომლებიც ყველა საშუალებას იყენებენ პრობლემების მოსაგვარებლად, მათ ყოველდღიურ დაპირისპირებაზე საბაზრო მოლოდინების მოულოდნელ და გამაოგნებელ ცვლილებებთან - კიდევ ერთხელ ადასტურებ,ს რომ არ არსებობს ჯადოსნური ტყვია ან მარტივი ფორმულა ფინანსურ პანიკასთან საბრძოლველად).

ავტორი: ირაკლი ლაითაძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები