ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი ოფიციალურად წარადგინა. სანქციების ჯერჯერობით ბოლო რაუნდით იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც ევროკავშირში შესვლა აეკრძალებათ და იქ არსებული აქტივები გაეყინებათ.
კერძოდ, პრეზიდენტის განცხადებით, სანქცირებულთა რიცხვი 200-მდე პირითა და კომპანიით გაიზრდება. ის მოიცავს რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს, ასევე სამხედრო პირებსა და სამხედრო ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებს. ამას გარდა, გაიზრდება ევროკავშირის მიერ სანქცირებული დუმის დეპუტატების, მინისტრებისა და სხვა პოლიტიკური პირების რაოდენობა.
მეცხრე პაკეტში ასევე მოხვდა საბანკო სექტორიც. ევროკავშირმა კიდევ სამი რუსული ბანკი დაასანქცირა, მათ შორისაა რუსეთის რეგიონული განვითარების ბანკი, რომლის ტრანზაქციებიც გააჩერა. ევროკომისიის მიერ მომზადებულ სანქციების ახალ პაკეტში მოხვდა ქიმიური, ელექტრონული და IT ინდუსტრიაც.
ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებითვე, ახალი პაკეტით რუსეთში დრონების სათადარიგო ნაწილების, მათ შორის ძრავების ექსპორტი აიკრძალება. ამას გარდა, დრონების სათადარიგო ნაწილების ექსპორტი მესამე ქვეყნებშიც იკრძალება, მაგალითად ირანში, საიდანაც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი დრონებს იღებს. გასულ კვირებში სწორედ ირანში წარმოებული დროენებით არაერთი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.
მეცხრე პაკეტით იზრდება კრემლის კონტროლირებადი მედიების ჩამონათვალიც, რომელთაც ევროკავშირის ტერიტორიაზე მაუწყებლობა აეკრძალებათ. ევროკავშირის ტერიტორიაზე მაუწყებლობა კიდევ ოთხ რუსულ არხს აეკრძალება.
“რუსეთი აგრძელებს თავდასხმებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იმისთვის, რომ ქვეყანა ზამთარს პარალიზებული შეხვდეს. ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ და რუსეთს ვახდევინებთ ამ ბოროტებისთვის”,-განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარემ.
სანციების ახალი რაუნდი ფონ დერ ლაიენმა ნოემბრის ბოლოს დააანონსა. კომისიამ სანქციების მეცხრე პაკეტზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთმა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ძირითადად, ენერგოობიექტებზე მასობრივი სარაკეტო დარტყმები განახორციელა.