საქართველოში კომერციულ ბანკებს შორის საგადახდო ოპერაციები RTGS სისტემით იწარმოება. საბანკო სამუშაო საათები სამუშაო დღეებში, დილის 09:00-დან საღამოს 18:00-მდე განისაზღვრება.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ბანკები ყოველდღიურად 181 ათას ასეთ ოპერაციას ემსახურებიან, ხოლო ამ ოპერაციების ჯამური მოცულობა დღეში 1.79 მილიარდი ლარია. ეს მოიცავს როგორც ფიზიკური პირების, ასევე კომპანიებისა და კორპორაციების გადახდებს, საქონლისა და მომსახურების შეძენას, გადასახადების გადახდას და სხვა სერვისებს.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ბანკებისთვის გადარიცხვების მხრივ ყველაზე დატვირთული დილის 10:00-11:00 საათი და საღამოს 17:00-18:00 საათებია.
ბანკთაშორისი ანგარიშსწორების სტატისტიკა 2023 წლის აგვისტოს მდგომარეობით ყოველდღიურ საათობრივ ჭრილში ასე ნაწილდება:
- 09:00 - 10:00 სთ. - 27,500 გადარიცხვა, ღირებულებით 112,212,756 ლარი;
- 10:00 - 11:00 სთ. - 50,698 გადარიცხვა, ღირებულებით 147,836,706 ლარი;
- 11:00 - 12:00 სთ. - 12,508 გადარიცხვა, ღირებულებით 99,700,249 ლარი;
- 12:00 - 13:00 სთ. - 11,742 გადარიცხვა, ღირებულებით 94,108,303 ლარი;
- 13:00 - 14:00 სთ. - 11,975 გადარიცხვა, ღირებულებით 70,484,990 ლარი;
- 14:00 - 15:00 სთ. - 11,258 გადარიცხვა, ღირებულებით 61,874,945 ლარი;
- 15:00 - 16:00 სთ. - 14,436 გადარიცხვა, ღირებულებით 89,897,869 ლარი;
- 16:00 - 17:00 სთ. - 11,442 გადარიცხვა, ღირებულებით 98,621,018 ლარი;
- 17:00 - 18:00 სთ. - 12,176 გადარიცხვა, ღირებულებით 146,140,970 ლარი.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეში საშუალოდ განხორციელებული 181 ათასი ოპერაციიდან, გადარიცხვის ორივე მხარეს ბანკი წარმოადგენს 108 ათას შემთხვევაში,72.7 ათას შემთხვევაში კი გადარიცხვის მეორე მხარე სახელმწიფო ხაზინაა. ეს მოიცავს დღგ-ს გადახდებს, საშემოსავლო გადასახადის გადახდებს, აქციზის, მოგების გადასახადის, იმპორტის გადასახადისა თუ სხვა მოსაკრებლების გადახდებს.
ეროვნული ბანკის თანახმად, 2023 წლის აგვისტოში გადახდების ჯამური მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47%-ით არის გაზრდილი.