მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკებისთვის სარეზერვო ნორმის გაზრდა სავალუტო რეზერვებს დაახლოებით $300-340 მლნ-ით გაზრდის - სებ

სებ

კომერციული ბანკებისთვის უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის 5 პროცენტული პუნქტით გაზრდა საერთაშორისო სავალუტო რეზერვებს 300-340 მლნ დოლარის ფარგლებში გაზრდის - ამის შესახებ ეროვნულ ბანკში აცხადებენ.

როგორც “საქმის კურსის” ეთერში სებ-ის ფინანსური სტაბილურობის ანალიზისა და მაკროფინანსური მოდელირების განყოფილების უფროსმა განაცხადა, ბანკებისთვის სარეზერვო მოთხოვნის ცვლილება სავალუტო რეზერვების მოცულობაზეც აისახება.

თუმცა სებ-ში განმარტავენ, რომ არსებულ სიტუაციაში ბანკებისთვის სარეზერვო მოთხოვნის ზრდის მთავარი მიზანი დედოლარიზაციის პოლიტიკას და ბაზარზე არსებული უცხოური ვალუტის ჭარბ ლიკვიდობასთან დაკავშირებულ რისკებს უკავშირდება. ამასთან, ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ კომერციულ ბანკებს უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე გაზრდილი სარეზერვო ნორმის დაგროვება წლის ბოლომდე მოუწევთ

“სარეზერვო ნორმის ზედა ზღვრის გაზრდა განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ ოქტომბერში, მცირედით მანამდეც, ჭარბი ლიკვიდობა დაგროვდა უცხოურ ვალუტაში, რაც იმ პერიოდში დეპოზიტების უცხოურ ვალუტაში კონვერტირებით იყო გამოწვეული. ეს ჭარბი ლიკვიდობა, რომ არ გადაიზარდოს დოლარიზებულ სესხებში და დოლარიზაციას არ შეუწყოს ხელი, ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 5 პროცენტული პუნქტით გაეზარდა. თუ შარშან მიღებულ გადაწყვეტილებას შევადარებთ, როდესაც ეს ნორმა შემცირდა, მაშინ არსებული პირობები განსხვავებული იყო. შარშან გლობალურად ფინანსური პირობები გამკაცრებული იყო.

შესაბამისად, ამ გამკაცრების ეფექტი რომ ნაკლებად ასახულიყო ადგილობრივ ბაზარზე, ამ სარეზერვო ნორმის შემცირებით ეროვნულმა ბანკმა დამატებითი ლიკვიდობა შექმნა ფინანსურ სისტემაში. ახლა კი სიტუაცია პირიქით გვაქვს, უცხოური ვალუტის ჭარბი ლიკვიდობა გვაქვს და გლობალურად ფინანსური პირობები შემცირებულია. შესაბამისად, ეს რომ არ ასახულიყო სავალუტო სესხების ზრდაში, სარეზერვო ნორმების ზრდა ზღვარი გაიზარდა. მიმდინარე ეტაპზე, სარეზერვო ნორმის ცვლილება განპირობებული იყო დოლარიზაციის ფარგლებში გატარებული პოლიტიკის მიზნებით.

როდესაც იცვლება სარეზერვო ნორმა, რასაკვირველია ეს სავალუტო რეზერვების მთლიან მოცულობაზეც აისახება. როდესაც შევამცირეთ გასულ წელს ეს ნორმა, მაშინ სავალუტო რეზერვები შემცირდა. ახლა ანალოგიურად, გაზრდის შემთხვევაში სავალუტო რეზერვების დაახლოებით 300-340 მლნ დოლარით ზრდას ველოდებით”, - განაცხადა მარიამ ხარაიშვილმა.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 5 პროცენტული პუნქტით გაზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები