მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკებს სადაზღვევო სფეროში აქტივების ფლობა უნდა შეეზღუდოთ - არჩილ მორჩილაძე

დაზღვევა

სადაზღვევო კომპანიების ნაწილი ბანკებისთვის სადაზღვევო აქტივების ფლობის აკრძალვას ითხოვს.

როგორც BMG-ის „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ დამფუძნებელმა განუცხადა, სწორედ ამ საკითხის დაყენებას გეგმავს თავად მიმდინარე კვირაში ეროვნული ბანკის და დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელებთან დაგეგმილ შეხვედრაზე.

არჩილ მორჩილაძის თქმით, კვლავაც მწვავედ დგას პრობლემა, როდესაც ბანკები სხვადასხვა სადაზღვევო პროდუქტების მიმართულებით მხოლოდ მათ მფლობელობაში ანდაც მათთან აფილირებულ კომპანიებთან თანამშრომლობენ. შესაბამისად, სექტორის ნაწილის პოზიციაა, რომ ვითარების გამოსწორების გზა მხოლოდ რადიკალური ნაბიჯების გადადგმაა.

„ჯერ კიდევ 2019 წელს 12-მა სადაზღვევო კომპანიამ დავაყენეთ მოთხოვნა, რომ ბანკებს არაპროფილური აქტივების მართვაზე შეზღუდვა ჰქონოდათ. მას შემდეგ რეალური ნაბიჯები არ გადადგმულა. შესაბამისად, მივიღეთ ვითარება, რომ ხუთი წლის თავზე, იმ სადაზღვევო კომპანიების დიდი ნაწილი, რომელთაც ბანკებთან შეხება არ აქვთ, ზარალზე არიან. დღეს გვაქვს მდგომარეობა, როდესაც სიცოცხლის დაზღვევის მიმართულება საბანკო სექტორის მიერაა მონოპოლიზებული და ეს ბაზრის განვითარებისთვის ძალიან ცუდია. როგორც წესი, ბანკები არ თანამშრომლობენ ისეთ სადაზღვევოებთან, რომელთანაც სხვადასხვა ფორმით არ არიან დაკავშირებულები და პარტნიორობაზე უარს გვეუბნებიან. შესაბამისად, ჩვენი პოზიციაა, რომ ეს პრობლემა რადიკალური ნაბიჯების გარეშე არ მოგვარდება და საჭიროა, ბანკებს სადაზღვევო სფეროში აქტივების ფლობა შეეზღუდოთ. სხვა ყველა ცვლილება კოსმეტიკური იქნება და რეალურ ეფექტს ვერ მოიტანს“, - განაცხადა არჩილ მორჩილაძემ.

მიმდინარე კვირაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა და დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი სადაზღვევო კომპანიებს შეხვდებიან, სადაც კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციების შესრულების საკითხზე იმსჯელებენ.

ცნობისთვის, კონკურენციის სააგენტოს პოზიციით - კომერციულ ბანკებს და სადაზღვევო კომპანიებს შორის არსებულ სტრუქტურულ პირდაპირ/არაპირდაპირ კავშირის შედეგად, ისევე როგორც კონკრეტული „ანაზღაურების სქემების“ არსებობისას, შესაძლოა, სახეზე იყო ინტერესთა კონფლიქტი, რის შედეგადაც შესაძლოა მომხმარებლისთვის მოხდეს იმ სადაზღვევო კომპანიის პროდუქტის შერჩევა/შეთავაზება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, მომხმარებლისთვის საუკეთესო არჩევანი შეიძლება არ იყოს. სააგენტოს ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ საკანონმდებლო დონეზე ჩამოყალიბდეს 3 სადაზღვევო კომპანიის შერჩევის კონკრეტული კრიტერიუმები, რომლის გამოყენების ვალდებულებაც კომერციულ ბანკს შერჩევის პროცესში ექნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები