სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებს მოლოდინი აქვთ, რომ ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა სრულად 2026 წლიდან ამოქმედდება.
როგორც "ბბ დაზღვევაში" აცხადებენ, მათი ინფორმაციით, ბოლო გადამუშავებული კანონპროექტის მიხედვით, 2025 წლის ბოლოსკენ სავალდებულო დაზღვევა სატესტო რეჟიმში უნდა ამოქმედდეს, 2026 წლიდან კი უკვე სრულად გაეშვას.
როგორც ბბ დაზღვევის გენერალურმა დირექტორმა, კოტე სულამანიძემ BMG-ის განუცხადა, არსებული პროექტის მიხედვით, პირველი სამი წლის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიები მომხმარებლებს ამ პროდუქტს ერთიანი ცენტრის საშუალებით მიაწვდიან.
„ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებით სადაზღვევო სექტორი სხვადასხვა საკითხებზე უკვე შეთანხმებულია, ახლა ველოდებით, რომ ამ მიმართულებით პროცედურული წინსვლა იყოს და პარლამენტმა დაამტკიცოს. საბოლოო რედაქციის თანახმად, დაგეგმილი იყო, რომ სავალდებულო დაზღვევა სატესტო რეჟიმში 2025 წლის ოქტომბერში ამოქმედებულიყო, ხოლო სრულფასოვანი სახით 2026 წლიდან, ვნახოთ როგორ დამტკიცდება პროექტი საბოლოოდ. დაგეგმილია, რომ საწყის ეტაპზე სავალდებულო დაზღვევის პროდუქტები ერთიანი ცენტრის საშუალებით გაყიდონ სადაზღვევო კომპანიებმა საწყისი სამი წლის განმავლობაში, ხოლო შემდეგ ინდივიდუალურად გაყიდიან კომპანიები. რაც შეეხება ბაზარზე გავლენას, ამას პირველ რიგში, სოციალური შედეგი ექნება, რომ ავტოშემთხვევების დროს ზარალის რეგულირების პროცესი, ასევე გაიზრდება მოზიდული სადაზღვევო პრემიები და ზოგადად, სადაზღვევო ბაზრისთვის ეს იქნება მნიშვნელოვანი მამოძრავებელი სტიმული“, - განაცხადა კოტე სულამანიძემ.
ცნობისთვის, „ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის“ ამოქმედება საქართველოში უკვე არაერთი წელია იგეგმება. როგორც ცოტა ხნის წინ დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა განაცხადა, შესაბამისი გადამუშავებული კანონპროექტი უკვე მზადაა და მოლოდინია, რომ მას ახალი მოწვევის პარლამენტი შეკრების შემდეგ განიხილავს