საქართველოს ეროვნული ბანკის 26 თებერვლის მითითებით, საქართველოში ლიცენზირებულ/რეგისტრირებულ საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს რუსეთის ფედერაციის მიმართ აშშ-ს, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების მოთხოვნებით ხელმძღვანელობა დაევალათ.
გამომდინარე აქედან, საერთაშორისო სანქციების მოთხოვნების შესაბამისად, ქართულ ფინანსურ ინსტიტუტებს ეზღუდებათ მომსახურების გაწევა იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, რომლებიც პირდაპირ არიან მითითებული სანქცირებულ პირთა სიებში.
Bm.ge დაინტერესდა, რა რეგულაციები ვრცელდება რუსეთის არასანქცირებულ მოქალაქეებზე, რომლებიც საქართველოში შემოდიან და შესაბამისად, საბანკო ანგარიშების გახსნა სურთ.
ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ კომერციულ ბანკს უფლება აქვს, ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც სანქცირებულ პირთა სიაში არ არის პირდაპირ მითითებული, გაუხსნას ანგარიში და მოემსახუროს, მიუხედავად აღნიშნული პირის მოქალაქეობის და რეზიდენტობისა, თუმცა როგორც მარეგულირებელმა „კომერციული ბანკების შესახებ საქართველოს კანონზე“ დაყრდნობით განგვიცხადა, ბანკებს უფლება აქვთ, კლიენტს ანგარიშის გახსნაზე დაუსაბუთებელი უარიც უთხრას.
„კომერციულ ბანკებს, საქართველოს კანონმდებლობის და საკუთარი შიდა პოლიტიკა/პროცედურების საფუძველზე, შეუძლიათ დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება ცალკეული კლიენტისათვის მომსახურების გაწევის შესახებ და კანონით მათ მინიჭებული აქვთ უფლება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადონ ანგარიშის გახსნაზე ან მომსახურების გაწევაზე“, - ნათქვამია სებ-ის მიერ bm.ge-ისთვის გაკეთებულ განმარტებაში.
მარეგულირებელი აცხადებს, რომ ანალოგიური მიდგომაა აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ევროკავშირსა და ყველა იმ ქვეყანაში, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მიუერთდნენ.
Bm.ge-სთვის უცნობია ზუსტი სტატისტიკა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს საფინანსო ინსტიტუტებმა რუსეთის რამდენ მოქალაქეს გაუხსნეს საბანკო ანგარიში ან უარი უთხრეს, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, მსხვილი ქართული ბანკები რუსეთის მოქალაქეების მიმართ მკაცრი შიდა პოლიტიკით მოქმედებენ.
როგორც საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძემაც გუშინ, 9 მარტს “საქმიან დილაში“ სტუმრობისას თქვა, „რუსეთის მოქალაქეთა მხრიდან ბანკებში ანგარიშების გახსნაზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, შესაძლებელია, იყოს უფრო მეტი უარი, რაც თავის მხრივ, შესაძლოა, ფინანსური კუთხით რუსეთში გაზრდილ რისკებს უკავშირდებოდეს“.
“ყველა ბანკში არარეზიდენტებს ანგარიშს საერთაშორისო სტანდარტით უხსნიან, იმ თვალსაზრისით, რომ არარეზიდენტის ანგარიშის გახსნა რეზიდენტთან შედარებით ისედაც უფრო მაღალრისკიან ოპერაციად ითვლება. ასევე, მნიშვნელოვანია ნაკადების მართვა, რომ ნაკადი თუ იზრდება კონკრეტული ქვეყნიდან ან თუ არის დამატებითი ინფორმაცია სანქცირებასთან დაკავშირებით, მაშინ რისკის კატეგორია იზრდება. შესაძლებელია, რისკის კატეგორიის მართვა სხვადასხვა ბანკში მოხდეს სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ რეალურად უნდა ვთქვათ, რომ აბსოლუტურად რეალურია, დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნა მოხდეს, ინფორმაციის უფრო მეტი შესწავლა მოხდეს ამა თუ იმ არარეზიდენტებთან მიმართებით და ანგარიშების გახსნასთან დაკავშირებით უფრო მეტი იყოს უარების რაოდენობა", - ამბობს ალექსანდრე ძნელაძე.
ცნობისთვის: საქართველოს შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყებიდან 9 მარტის მდგომარეობით, ქვეყანაში რუსეთის 20 ათასი მოქალაქე შემოვიდა და მათ შორის არიან ისინიც, რომლებმაც საქართველო ტრანზიტად გამოიყენეს. ამდენად, გომელაური ირწმუნება, რომ ამ დროისთვის საქართველოში რუსეთის 3 000-მდე მოქალაქე რჩება.




























