BMG გთავაზობთ, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, საზოგადოებრივი მოძრაობა "ჯერ საქართველოს" თანადამფუძნებელ ნიკოლოზ ალავიძის ბლოგს.
მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები „კინოაფიშების“ მსგავსად არ კეთდება. თუ ცვლილება რეალურად სისტემურია, იგი ზედმეტი ხმაურის ნაცვლად მშვიდად და არგუმენტირებულად აიხსნება — რა იცვლება, რატომ იცვლება და როგორ გაიზომება შედეგი. სწორედ გაზომვადობაა ის ფაქტორი, რომელიც რეფორმას სლოგანისგან განასხვავებს.
აჯობებს ამ ლოგიკით, ფაქტებით და არა სადღეგრძელოებით შევხედოთ ე.წ. ეკონომიკური განვითარების ბანკის, იგივე სახელმწიფო ბანკის შექმნის “გადაწყვეტილებას”.
ერთი შეხედვით სათაური ტექნიკური და უვნებელია. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კლასიკური კომერციული ბანკის შექმნას არ გეგმავს; აქ არ იქნება დეპოზიტები, ბარათები, იპოთეკური, სამომხმარებლო ან საპენსიო სესხები. ამის ნაცვლად, რამდენიმე მოქმედი სახელმწიფო ინსტიტუტი საპარტნიორო ფონდი და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ერთ ინსტიტუციურ ქოლგაში გაერთიანდება, „ბანკის მსგავსი“ ფუნქციებით, “ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად”.
ფორმულირება მარტივია, თუმცა სახიფათო სწორედ მისი შინაარსია. საუბარი არ არის ექსპერიმენტზე ან ახალ ინსტიტუტზე. საუბარია ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მოქმედ სტრუქტურებზე, რომლებიც ცალ-ცალკე და ერთობლივად მართავდნენ მნიშვნელოვან სახელმწიფო რესურსებს: პირდაპირ საბიუჯეტო დაფინანსებას, ინვესტიციებს, გარანტიებს, სუბსიდირებულ სესხებსა და სხვა ვალდებულებებს.
კონსერვატიული შეფასებით, მათი ჯამური მოცულობა 6–8 მილიარდ ლარს აღემატება. ეს საქართველოს წლიური ბიუჯეტის დაახლოებით 40%-ია და თითქმის ერთწლიანი მშპ-ს 12–15%-ს უტოლდება, და ეს თანხები „ეკონომიკური განვითარების“ სახელით დაიხარჯა.
ნიშანდობლივია, რომ ასეთი მასშტაბის მიუხედავად, არასოდეს ჩატარებულა დამოუკიდებელი და საჯაროდ ხელმისაწვდომი შეფასება, რომელიც უპასუხებდა ყველაზე ელემენტარულ კითხვას: რა რეალური ეკონომიკური შედეგი მოიტანა ამ ინვესტიციამ?
ასეთი მოცულობის კაპიტალი ნებისმიერ ეკონომიკაში ტოვებს მკაფიო და გაზომვად კვალს, განსაკუთრებით მცირე და ღია ეკონომიკებში. საერთაშორისო გამოცდილებით, მათ შორის ბალტიის ქვეყნების მაგალითებით, კარგად დაგეგმილი და გამჭვირვალედ მართული საჯარო ინვესტიციებმა 1.8–2.2-გზის ეკონომიკურ მულტიპლიკატორი შექმნეს. ანუ ყოველი ინვესტირებული 1 ლარი 1.8–2.2 ლარის მდგრად ეკონომიკურ შედეგში აისახა.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ განვითარების სახელმწიფო ინსტრუმენტებით დაახლოებით 8 მილიარდი ლარი დახარჯა (დაახლოებით $3–3.5 მილიარდი). ეს დღევანდელი მშპ-ს 12–15%-ია, დაახლოებით სამი წლიური განათლების ბიუჯეტი ან ორი წლის თავდაცვის ხარჯი.
ასეთი მასშტაბის კაპიტალის კომპეტენტურად განთავსების შემთხვევაში, რეალისტური მულტიპლიკატორის პირობებში, დღეს უკვე 14–16 მილიარდი ლარით მეტი მდგრადი ეკონომიკური შედეგი უნდა გვქონდეს.
მაგალითისათვის, თუ ამ $3–3.5 მილიარდს ბოლო ათწლეულის განმავლობაში პასიურად დავაბანდებდით დაბალრისკიან გლობალურ საფონდო ინდექსში (მაგალითად, ისეთ ინდექსში, რომელსაც BlackRock მართავს), დღეს მისი ღირებულება $7–8 მილიარდ დოლარს მიაღწევდა; ანუ $3–4 მილიარდ დოლარამდე ნამატით.
განმარტება: ეს არ არის არგუმენტი სახელმწიფოსთვის ფინანსური სპეკულაციის სასარგებლოდ. ეს არის შესაძლებლობის დანაკარგის (opportunity loss) ილუსტრაცია. რესურსი, რომელიც შეიძლებოდა გამოყენებულიყო განათლების ხარისხის, თავდაცვის უნარების, ექსპორტის პოტენციალისა და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად.
თუ ამ მასშტაბის რესურსმა ვერ დატოვა გაზომვადი კვალი ეკონომიკაში, პრობლემა ინსტრუმენტის ფორმაში კი არა, მისი გამოყენების წესშია.
ამ ფონზე მნიშვნელოვანია თავად ინსტიტუტებზე დაკვირვება. საპარტნიორო ფონდი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმსხვილესი კვაზი-საინვესტიციო ინსტრუმენტია. Transparency International Georgia-ს მიხედვით, მისი პორტფელის საერთო ღირებულება 2.5 მილიარდ დოლარს აღემატებოდა, მაშინ როცა ფონდის საკუთარი ინვესტიცია დაახლოებით 330 მილიონ ლარს შეადგენდა. 2017 წელს ფონდმა 482 მილიონი ლარის ზარალი დააფიქსირა, ხოლო 2014–2017 წლებში კუმულაციურმა ზარალმა 528 მილიონ ლარს მიაღწია. ამავე პერიოდში აქტივები იზრდებოდა, კაპიტალი კი მცირდებოდა — სერიოზული საგანგაშო სიგნალი ნებისმიერი ღირებულების შემქმნელი ინსტიტუტისთვის. საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა არაერთხელ მიუთითეს სუსტი მმართველობისა და ფისკალური რისკების არსებობაზე. ფონდის „რებრენდინგმა“ კი სისტემური ცვლილებები არ მოიტანა.
პარალელურად, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დამოუკიდებლადაც მსხვილი ფისკალური მოთამაშეა. მხოლოდ 2024 წელს მისი პროგრამების ბიუჯეტმა 225 მილიონ ლარს მიაღწია. ასეთ მასშტაბში PowerPoint პრეზენტაციებით გადმოცემული „წარმატების ისტორიები“ აღარ არის საკმარისი, აუცილებელია მკაცრი და ობიექტური გავლენის შეფასება: რომელი ინსტრუმენტი ზრდის პროდუქტიულობას, ექსპორტს და ფორმალურ დასაქმებას, და რომელი უბრალოდ ანაწილებს სუბსიდიებს სტრუქტურული ეფექტის გარეშე.
ამ პირობებში, შეფასებისა და ანალიზის გარეშე დაგეგმილი გაერთიანება ნეიტრალური ტექნიკური რეფორმა არ არის. ეს არის ორი განსხვავებული რისკ-კულტურის კონსოლიდაცია ერთ სტრუქტურაში: ერთი მხრივ ზარალების ისტორიის მქონე საინვესტიციო ინსტრუმენტი; მეორე მხრივ საბიუჯეტო სააგენტო, რომელიც კაპიტალს ძირიტდად ადმინისტრაციული გადაწყვეტილებებით ანაწილებს.
როგორც თერმოდინამიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ლორდ კელვინი ამბობდა, „რაც არ იზომება, ვერ უმჯობესდება“.
და სწორედ აქ ჩნდება მთავარი კითხვა: რას ვზომავთ, რომ გავაუმჯობესოთ?
თუ რეფორმა ბაზრის ჩავარდნის გამოსწორებას ემსახურება, უნდა ვიცოდეთ — რომელი:
თუ პრობლემა საკრედიტო რესურსებზე წვდომაა, საქართველოს საბანკო სექტორი ლიკვიდური და კარგად კაპიტალიზებულია.
თუ პრობლემა გრძელვადიანი დაფინანსებაა, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები ქვეყანაში სტაბილურად ოპერირებენ.
თუ პრობლემა SME-ებია და მათთვის ფინანსურ რესურსებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა, გარანტიებისა და უზრუნველყოფის მექანიზმები უკვე არსებობს.
თუ პრობლემა ინფრასტრუქტურაა - მოქმედებს PPP ჩარჩოები და მიზნობრივი დაფინანსება.
ამასთან, საქართველოს საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანია რეგიონში: ორი უმსხვილესი ბანკის კაპიტალის უკუგება 30%-ს აჭარბებს, ხოლო სექტორის საშუალო მომგებიანობა 18–25%-ის ფარგლებშია; მნიშვნელოვნად მაღალი, ვიდრე განვითარებულ ეკონომიკებში. ეს მიუთითებს არა ფულის დეფიციტზე, არამედ იმაზე, რომ კაპიტალი უკვე ნაწილდება სიცოცხლისუნარიან პროექტებში.
ბარიერი, სავარაუდოდ, პროექტების ხარისხსა და მმართველობაშია.
ამ ფონზე პარადოქსულია, როცა კერძო ბანკები სესხის გაცემისთვის მზად არიან, ხოლო სახელმწიფო ქმნის კვაზი-ბანკს. მთავარი რისკი ის არ არის, რომ ეს “სახელმწიფო ბანკი” დააფინანსებს იმას, რასაც ბანკები ვერ აფინანსებენ; მთავარი რისკია, რომ დააფინანსებს იმას, რასაც ბანკები შეგნებულად არ აფინანსებენ, ეკონომიკური არამიზანშეწონილობის გამო.
განვითარება არ იზომება დახარჯული ფულით. საჯარო ფინანსებში მსგავსი კონსტრუქციები ხშირად სრულდება პოლიტიკურად მოტივირებული პროექტებით და რისკის გადატანით გადასახადის გადამხდელებზე.
წარმატებული განვითარების ინსტიტუტები გამოირჩევიან ვიწრო მანდატით, დამოუკიდებელი მმართველობით და ძლიერი ზედამხედველობით. ისინი ფასდებიან შედეგით და არა დახარჯული ბიუჯეტის ზომით.
საქართველოს უკვე აქვს ის, რაც განვითარებისთვის საჭიროა: ძლიერი საბანკო სექტორი, საერთაშორისო კაპიტალზე წვდომა და IFI-ებთან თანამშრომლობა. პრობლემა არა ინსტრუმენტების დეფიციტში, არამედ მათი გამოყენების წესებშია.
პასუხისმგებელი მიდგომით, სახელმწიფო და კერძო სექტორი კონსოლიდაციის ნაცვლად დაიწყებდა შეფასებით - “ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი”. მოახდენდა დამოუკიდებელი აუდიტის მოწვევას, პროექტების რეალური ეფექტის შეფასებას და წარმატების კრიტერიუმების წინასწარ განსაზღვრას, ინსტიტუციური გაფართოების დაწყებამდე და არა შემდეგ.
თუმცა სამწუხაროდ, „სახელმწიფო ბანკის“ შექმნას, ჩვეული მდუმარებით და მოწონებით შეხვდება “დიდი ბიზნესი(ც)”, რაც დიდი ალბათობით ძვირად ღირებულ შემოვლით გზად გადაიქცევა, რომელიც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ძალაუფლების კონცენტრაციას, დაასუსტებს საბაზრო დისციპლინას და გაამწვავებს იმ მმართველობით პრობლემებს, რომელთა ფასს ეკონომიკა უკვე დიდი ხანია იხდის.
როგორც ნობელიანტი ეკონომისტი, ჯოზეფ სტიგლიცი აღნიშნავს:
„ცუდად დაპროექტებული სახელმწიფო ჩარევა ხშირად სწორედ იმ პრობლემებს ამწვავებს, რომელთა გამოსწორებასაც ის მიზნად ისახავს.“
“Poorly designed government intervention can make matters worse rather than better.” Joseph E. Stiglitz
როდესაც რეფორმა კონცენტრაციით და არა შედეგით არის წახალისებული, სკეპტიციზმი არა ცინიზმი, არამედ აუცილებელი პროფესიული რეაქციაა.
[1] https://bm.ge/news/irakli-kobakhidzis-mtavroba-ekonomikis-ganvitarebis-bankis-dafudznebas-gegmavs
https://bm.ge/news/saqartvelos-mtavroba-saqartvelos-ganvitarebis-fondis-likvidatsias-gegmavs
ბიბლიოგრაფია ფაქტების გადამოწმებისათვის
ბიუჯეტის შესრულების ანგარიშები https://www.mof.gov.ge
ეროვნული ანგარიშები (მშპ) https://www.geostat.ge
საჯარო ფინანსების აუდიტის ანგარიშები https://sao.ge
სახელმწიფო საინვესტიციო ინსტრუმენტების ანალიზი
https://www.transparency.ge
ინვესტიციები და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები
https://www.geostat.ge
საჯარო ინვესტიციების პროგრამები https://www.mof.gov.ge
საპარტნიორო ფონდი, ფინანსური ანგარიშგებები https://fund.ge
საპარტნიორო ფონდის საქმიანობის შეფასება https://www.transparency.ge
„აწარმოე საქართველოში“, პროგრამების აღწერა და ბიუჯეტები
https://www.enterprisegeorgia.gov.ge
საბიუჯეტო პროგრამების აღწერა https://www.mof.gov.ge
ფინანსური სტაბილურობის ანგარიშები https://www.nbg.gov.ge
საბანკო სექტორის სტატისტიკა და რისკების შეფასება https://www.nbg.gov.ge
ინვესტიციები და საწარმოთა აქტივობა https://www.geostat.ge
საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პროექტები https://www.mof.gov.ge
ფისკალური რისკების ანგარიშები https://sao.ge
სახელმწიფო ინსტიტუტების გამჭვირვალობა https://www.transparency.ge
შედეგებზე დაფუძნებული ბიუჯეტირება https://sao.ge




























