“აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის“ პირველი ვიცე-პრეზიდენტის დავით ცირდავას შეფასებით, საქართველოში კომპანიის დაფუძნება მარტივია, მაგრამ ბიზნესის კეთება გარკვეულ გამოწვევებთანაა დაკავშირებული. როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, პრობლემები, ძირითადად, საბანკო ანგარიშების გახსნას და ბინადრობის უფლების მიღებას უკავშირდება.
"აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა“ (BCAGC) 2021 წელს დაფუძნდა აზიისა და სპარსეთის ყურის სახელმწიფოების (საუდის არაბეთი, ქუვეითი, ბაჰრეინი, კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ომანის სასულთნო) მცირე, საშუალო და მსხვილ კომპანიებს აერთიანებს - მათ შორის წევრობის მსურველ ფიზიკურ პირებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან სამხრეთ კავკასიის საინვესტიციო გარემოთი ან არსებულ კომერციულ შესაძლებლობებს განიხილავენ.
- საქართველოში, შეგიძლია, 24 საათში კომპანია დააფუძნო, მაგრამ კომპანიების უმეტესობა ბანკში ანგარიშს ვერ ხსნის. ეს დიდი პრობლემაა. ამას სხვა პრობლემებიც ერთვის. მაგალითად, ბანკში ანგარიში რომ გაუხსნან, ინვესტორს სჭირდება აქ ყოფნის ლეგალური უფლება. მაგალითად: შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველმა თითოეულმა უცხოელმა უნდა დაადასტუროს, რომ მისი საწარმოს წლიური ბრუნვა 50 000 ლარზე ნაკლები არ არის. როგორ შეიძლება საწყის ეტაპზევე ასეთი მოთხოვნა?! გასაგებია, რომ ყველა ქვეყანას სურს მაღალი ხარისხის ინვესტორის შემოყვანა, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ საშუალო დონის ინვესტორებს, რომლებიც 3-4 ადამიანისგან შედგება და რამდენიმე მილიონის დოლარი შეიძლება ჩადონ, სჭირდებათ ხელშეწყობა...
- გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ საქართველოში ინვესტორებს „ახარისხებენ“ და ყველაზე თანაბრად არ ზრუნავენ?
- ერთ ისტორიას მოგიყვებით - ერთი პარტნიორი გვყავს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, რომელთანაც 2019 წელს დავიწყეთ პარტნიორობა - მისი სახელია ბილალ მანსური; არის კანადის მოქალაქეც. Covid-პანდემიამდე ჩამოვიყვანეთ საქართველოში, დავაინტერესეთ ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო გარემოთი. პანდემიამ შეგვაფერხა, მაგრამ პოსტპანდემიურ პერიოდში ისევ ჩამოვიდა; მასთან ერთად იყო კიდევ ოთხი პარტნიორი. ზოგადად, საამიროებიდან როდესაც კერძო ინვესტორები ჩამოდიან, თითოეული რამდენიმე მილიონს დებს და ერთიანდებიან... თანამშრომლობის დაწყება გადავწყვიტეთ, მაგრამ ვერ შედგა, ვინაიდან ბილალ მანსურმა თბილისში ლეგალურად ცხოვრების უფლება ვერ მიიღო.
- ბინადრობის უფლება ვერ მიიღო მიუხედავად იმისა, რომ კანონით მოთხოვნილ პირობებს აკმაყოფილებდა?
- დიახ... მას შეძენილი ჰქონდა 300 000 დოლარის ღირებულების უძრავი ქონება თბილისში, მაგრამ ბინადრობის უფლება ვერ მიიღო. მიზეზი არ ვიცი. სახელმწიფო უსაფრთხოების თემები დგასო, მაგრამ ამ ჭრილში მსჯელობაში ვერ შევალ... ფაქტია, ლეგალურად ცხოვრების უფლება ვერ მიიღო, ამიტომ საქართველოდან აზიის ქვეყანაში - კამბოჯაში წავიდა და ბიზნესსაქმიანობას ეწევა; პარტნიორებიც და ოჯახიც თან წაიყვანა... დღემდე მჭიდრო კავშირი გვაქვს, ვცდილობთ ისევ საქართველოში შემოვიყვანოთ, მაგრამ მსგავსი ისტორიები საქართველოს საინვესტიციო გარემოს მიმართ სხვა კერძო ინვესტორების ინტერესზე ნეგატიურად ისახება.
- კიდევ რა პრობლემებს აწყდებიან ყველაზე ხშირად აზიის და გალფის ქვეყნებიდან საქართველოთი დაინტერესებული ინვესტორები?
გამოწვევას წარმოადგენს ბანკში ანგარიშების გახსნა. როდესაც აზიის და სპარსეთის ყურის ქვეყნების ინვესტორებზე ვსაუბრობთ, გამოწვევაა ბანკში ანგარიშის გახსნა.შეიძლება თვეზე მეტიც კი დასჭირდეს ანგარიშის გახსნას; ორ კვირაში თუ მივიღეთ პასუხი, ეს ძალიან კარგი დროა, მაგრამ ხშირად საერთოდ უარია. ბანკები 10 მოთხოვნიდან შვიდ შემთხვევაში ანგარიშს არ ხსნიან, არადა ყველა კითხვარს, რომელიც საფინანსო ინსტიტუტებიდან მოდის, დეტალურად ავსებენ ჩვენი პარტნიორები და ამ პროცესში მათ ბიზნესპალატის იურისტებიც ეხმარებიან, მაგრამ მაინც პრობლემებია... კიდევ ერთ კონკრეტულ ისტორიას მოგიყვებით - ჩვენი ბიზნესპალატის წევრია ინდოეთის ერთ-ერთი მილიონერი მოქალაქე, რომელიც საქმიანობას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უძრავი ქონების და ვაჭრობის სფეროში ეწევა და ამ ქვეყნის ბინადრობაც აქვს; ჩვენ შევძელით მისი დარწმუნება, ჩამოვიყვანეთ საქართველოში, რათა აქაც ჩადოს ინვესტიცია; დღესაც თბილისში იმყოფება; სექტემბერში მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაიწყოს ბიზნესი და თავისი პარტნიორებიც მოიწვიოს; ერთ დღეში დავარეგისტრირეთ კომპანია, მაგრამ ბანკში ანგარიში არ გაუხსნეს. მივმართეთ მეორე ბანკს, შემდეგ - სხვას და ყველა საჭირო საბუთი წარვადგინეთ, მაგრამ ანგარიშებს მაინც არ უხსნიან... დამატებითი დოკუმენტაციაც წარვადგინეთ და იმედია, პრობლემა ამ თვეში დარეგულირდება...
- ლოგიკურია, რომ ყველა ბანკის ინტერესშია რაც შეიძლება მეტი კლიენტი ჰყავდეს და მეტი ტრანზაქცია განახორციელონ, ამიტომ ანგარიშების გახსნაზე უარი ხომ არ უკავშირდება სანქციების გამო გამკაცრებულ პოლიტიკას?
- არ ვიცით... ბანკებს ახსნა-განმარტების ვალდებულება არ აქვთ...
- გასაგებია, მაგრამ ხომ შეიძლება, ერთიანი ძალისხმევით გამოსავალი არსებობდეს - მაგალითად, პრობლემის საქმის კურსში არის თუ არა ბიზნესომბუდსმენის აპარატი, ეკონომიკის სამინისტრო ან საქართველოს ეროვნული ბანკი?
- ეკონომიკის სამინისტროს მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ რა ჩართულობაც შესაძლებელია მათი მხრიდან, არის, მაგრამ მაინც ბანკი იღებს გადაწყვეტილებას, გაუხსნას თუ არა კონკრეტულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ანგარიში, ამიტომ თუ რეგულაციები არის დასადგენი ან დასახვეწი, ალბათ ფინანსურმა ინსტიტუტმა უკეთ იცის, როგორ უნდა იმოქმედოს, რადგან მეტი მომხმარებელი, პირველ რიგში, ბანკს სჭირდება... საქართველოს საბანკო სისტემა ძალიან განვითარებულია - განსაკუთრებით ორი წამყვანი ბანკი - „თიბისი“ და „საქართველოს ბანკი“ და ბევრ წამყვან ქვეყნებსაც ვუსწრებთ საფინანსო სექტორის განვითარებით, მაგრამ ფაქტია, გარკვეული რეგულაციები დაბრკოლებას ქმნის მათ შორის საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების მიმართულებით და იმედია, ეს პრობლემები მოგვარდება.
- შეგიძლიათ, ისევ კონკრეტული მაგალითის საფუძველზე მოგვიყვეთ რას ნიშნავს საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების განხორციელებისას პრობლემები?..
- ჩვენი ბიზნესპალატის წევრები ფილიალის ან ახალი კომპანიის სახით საქართველოში არეგისტრირებენ კომპანიებს. ერთ-ერთი ასეთი კომპანია გვყავს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, რომელსაც პირობითად სურს, პროდუქცია შეიძინოს ინდოეთში ან ჩინეთში და მიაწოდოს ევროპის რომელიმე ქვეყანას, მაგალითად, საფრანგეთს. რა თქმა უნდა, სჭირდება საბანკო ტრანზაქციის განხორციელება, მაგრამ ქართული ბანკები ამ მომსახურებაზე უარს ამბობენ შემდეგი მიზეზით - ვინაიდან საქართველოში ტვირთი არ შემოდის, ამ ოპერაციას ჩვენ ვერ გავატარებთო. ეს დანაკარგია საქართველოს ეკონომიკისთვის, თორემ ბიზნესი გზას სულ იპოვის და გეტყვით რა გამოსავალი ვიპოვეთ - მივმართეთ ევროპულ ბანკებს და ერთ-ერთ კომპანიას საბანკო ანგარიში გავუხსენით შვეიცარიაში, მეორეს - ჩეხეთში. დასკვნა: რამდენიმემილიონიანი ბრუნვა, რომელიც შეიძლებოდა საქართველოს ბანკებში ყოფილიყო, ევროპის ბანკებში ხორციელდება. მსგავსი გამოწვევების გამო, ახალი კომპანიები არ შემოდიან საქართველოს ბაზარზე...
- ანუ საქართველოს, რომელსაც აქვს ამბიცია, გახდეს რეგიონის ფინანსური ჰაბი, უკვე ცუდი იმიჯი აქვს?
- ასე არ ვიტყოდი...
- ფაქტია, ამდენი პრობლემა ჩამოთვალეთ, რაც ბუნებრივია, ქვეყნის საინვესტიციო კლიმატს დადებითად არ ახასიათებს...
- მოდით, ასე ვთქვათ, რომ ეს პრობლემები ერთ დღეში ვერ გადაწყდება...
- გასაგებია, მაგრამ ნიშანი არის სწრაფი რეაგირების?
- ნიშანი არის.. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პრობლემაც დარეგულირდება. ჩვენ მაინც ვცდილობთ კომპანიების ჩამოყვანას საქართველოში, რათა აქედან განახორციელონ საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციები. მაგალითად: ახლა კიდევ ერთი კომპანია გვყავს საუდის არაბეთიდან რომელიც 26-27 ოქტომბერს თბილისში „აბრეშუმის ფორუმსაც“ ესწრება...
- ბანკში ანგარიში უკვე გაუხსნეს?
- ჩვენ ჩამოვიყვანეთ, რეალური ვითარება ავუხსენით... შემდეგ კვირაში გავმართავთ შეხვედრებს და დარწმუნებული ვართ, შედეგებს მივაღწევთ...