მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესი გზას სულ იპოვის, მაგრამ პრობლემების გამო, ახალი კომპანიები ჩვენთან არ შემოდიან - ინტერვიუ

გალფი

“აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის“ წევრი კომპანიები საქართველოდან საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების განხორციელებასთან დაკავშირებით გამოწვევები აქვთ. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ პალატის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა დავით ცირდავამ ისაუბრა და საკითხის არსი კონკრეტული მაგალითის მოშველიებით ახსნა. როგორც ინტერვიუდან ირკვევა, პრობლემას საბანკო ანგარიშების გახსნა წარმოადგენს.

- ჩვენი ბიზნესპალატის წევრები ფილიალის ან ახალი კომპანიის სახით საქართველოში არეგისტრირებენ კომპანიებს. ერთ-ერთი ასეთი კომპანია გვყავს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, რომელსაც პირობითად სურს, პროდუქცია შეიძინოს ინდოეთში ან ჩინეთში და მიაწოდოს ევროპის რომელიმე ქვეყანას, მაგალითად, საფრანგეთს. რა თქმა უნდა, სჭირდება საბანკო ტრანზაქციის განხორციელება, მაგრამ ქართული ბანკები ამ მომსახურებაზე უარს ამბობენ შემდეგი მიზეზით - ვინაიდან საქართველოში ტვირთი არ შემოდის, ამ ოპერაციას ჩვენ ვერ განვახორციელებთო. ეს დანაკარგია საქართველოს ეკონომიკისთვის, თორემ ბიზნესი გზას სულ იპოვის და გეტყვით რა გამოსავალი ვიპოვეთ - მივმართეთ ევროპულ ბანკებს და ერთ-ერთ კომპანიას საბანკო ანგარიში გავუხსენით შვეიცარიაში, მეორეს - ჩეხეთში. დასკვნა: რამდენიმემილიონიანი ბრუნვა, რომელიც შეიძლებოდა საქართველოს ბანკებში ყოფილიყო, ევროპის ბანკებში ხორციელდება. მსგავსი გამოწვევების გამო, ახალი კომპანიები არ შემოდიან საქართველოს ბაზარზე...

- ანუ საქართველოს, რომელსაც აქვს ამბიცია, გახდეს რეგიონის ფინანსური ჰაბი, უკვე ცუდი იმიჯი აქვს?

- ასე არ ვიტყოდი...

- ფაქტია, ამდენი პრობლემა ჩამოთვალეთ, რაც ბუნებრივია, ქვეყნის საინვესტიციო კლიმატს დადებითად არ ახასიათებს...

- მოდით, ასე ვთქვათ, რომ ეს პრობლემები ერთ დღეში ვერ გადაწყდება...

- გასაგებია, მაგრამ ნიშანი არის სწრაფი რეაგირების?

- ნიშანი არის.. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პრობლემაც დარეგულირდება. ჩვენ მაინც ვცდილობთ კომპანიების ჩამოყვანას საქართველოში, რათა აქედან განახორციელონ საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციები. მაგალითად: ახლა კიდევ ერთი კომპანია გვყავს საუდის არაბეთიდან რომელიც 26-27 ოქტომბერს თბილისში „აბრეშუმის ფორუმსაც“ ესწრება...

- ბანკში ანგარიში უკვე გაუხსნეს?

- ჩვენ ჩამოვიყვანეთ, რეალური ვითარება ავუხსენით... შემდეგ კვირაში გავმართავთ შეხვედრებს და დარწმუნებული ვართ, შედეგებს მივაღწევთ. საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ გახდეს საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების ცენტრი. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს, როდესაც ჩვენი ბიზნესპალატის სათავო ოფისის განთავსებაზე მიდიოდა მსჯელობა, სამი ქალაქი განიხილებოდა - დუბაი, ერ-რიადი და სტამბოლი, მაგრამ ქართულმა ბიზნესსექტორმა მაქსიმალურად წარმოვაჩინეთ საქართველო, რომ სათავო ოფისი თბილისში ყოფილიყო და შევძელით კიდეც... ლობირების დროს, სხვა ქვეყნებიდან პარტნიორებს ვარწმუნებდით, რომ თბილისიდან საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების გატარება შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ ერთია დარწმუნება და მეორეა რეალობა, რომლის წინაშეც დადგნენ BCAGC-ის წევრი კომპანიები.

"აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა“ (BCAGC), რომელიც 2021 წელს დაფუძნდა, აზიისა და სპარსეთის ყურის სახელმწიფოების (საუდის არაბეთი, ქუვეითი, ბაჰრეინი, კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ომანის სასულთნო) მცირე, საშუალო და მსხვილ კომპანიებს აერთიანებს - მათ შორის წევრობის მსურველ ფიზიკურ პირებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან სამხრეთ კავკასიის საინვესტიციო გარემოთი ან არსებულ კომერციულ შესაძლებლობებს განიხილავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები