მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკში თქვენს დეპოზიტს ₾15,000-ის ოდენობით სახელმწიფო დააზღვევს

5dfb81c13cf97
შოთა ტყეშელაშვილი
19.12.19 19:00
3336
ყველა პირს, რომელსაც თანხა ქართულ კომერციულ ბანკში აქვს განთავსებული, სპეციალური სახელმწიფო ფონდი აზღვევს. თუ ბანკი, რომელშიც ანაბარი გაქვთ გაკოტრდა, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ზარალს 5,000 ლარამდე თანხით აგინაზღაურებთ. დაზღვევის სისტემა 2018 წლის იანვრიდან ამოქმედდა და მასში ყველა კომერციული ბანკია გაწევრიანებული. ამ სისტემაში ბანკები სპეციალურ მოსაკრებელს იხდიან, რაც ბანკში განთავსებული ლარის დეპოზიტების 0.067% და უცხოური ვალუტის დეპოზიტების 0.1%-ის ტოლფასი იქნება.

2020 წლის პირველი პირველი ივლისიდან ზღვარი, რომელსაც სახელმწიფო აზღვევს 5,000 ლარიდან 15,000 ლარამდე იზრდება. იმის შესახებ თუ რა სავარაუდო ეფექტს ელოდება სააგენტო აღნიშნული ცვლილებიდან და რა მექანიზმით ხდება ფონდში აკუმულირებული თანხების განკარგვა, BMG “დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს” ხელმძღვანელს ოთარ ძიძიკაშვილს ესაუბრა.

ძიძიკაშვილის განცხადებით, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით სააგენტო ფიზიკურთან ერთად იურიდიული პირების დეპოზიტების დაზღვევასაც დაიწყებს. ამ დრომდე სააგენტოს ფონდში ბანკების მიერ მოსაკრებლისა და პირველადი შენატანის სახით ჯამურად 31,306,479 ლარი არის გადახდილი.

“მნიშვნელოვანია სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც 2020 წლის 1 ივლისიდან სადაზღვევო ზღვრის 15 000 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს. აღნიშნული წინადადება სააგენტომ ბაზრის მიმდინარე დინამიკის, ტენდენციების, მოლოდინების და შესაბამისი საერთაშორისო პრაქტიკის სიღრმისეული ანალიზის შედეგად შეიმუშავა და წარუდგინა საბჭოს. ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა, რომ 15 000 ლარი იქნება ზღვრის ის ოპტიმალური მაჩვენებელი, რომელიც უპასუხებს დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ამოცანებს - შექმნის დაცვის ადეკვატურ გარანტიას და გაზრდის სისტემის სანდოობის ხარისხს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზღვრის გაზრდის პარალელურად, შემცირდება ყოველთვიური შენატანის განაკვეთები (ეროვნულ ვალუტაში), იმისთვის, რომ ზღვრის გაზრდის გადაწყვეტილებით არ გაიზარდოს ფინანსური წნეხი კომერციული ბანკებისთვის.

ასევე საბჭოსთან შეთანხმებით, ფართოვდება დეპოზიტების დაზღვევის არეალი და სისტემას ემატება იურიდიული პირების დეპოზიტები, რითაც საქართველო დაუახლოვდება ევროდირექტივის მოთხოვნას და შესაბამისად, შეასრულებს ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას.

რაც შეეხება 2019 წლის სტატისტიკას, 30 ნოემბრის მდგომარეობით, დეპოზიტების საერთო მოცულობამ 27 085 816 863 ლარი შეადგინა, საიდანაც ფიზიკური პირების დეპოზიტების მთლიანი მოცულობა 14 879 827 161 ლარი, ხოლო მასში დაზღვეული დეპოზიტების ნაწილი 1 868 170 692 ლარია. 2019 წლის ნოემბრის მონაცემების მიხედვით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დეპოზიტების მთლიანი მოცულობა დაახლოებით 19%-ით, ფიზიკური პირების დეპოზიტები 22%-ით, ხოლო დაზღვეული დეპოზიტები - 14%-ით გაიზარდა.

დეპოზიტების დაზღვევის ფონდის მთლიანმა შემოსავალმა (კომერციული ბანკების შენატანები და კუპონის სახით მიღებული შემოსავალი) 2019 წელს 18.3 მილიონი ლარი შეადგინა. 16.7 მილიონი ლარის ინვესტირება განხორციელდა სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში, ზღვრის 15,000 ლარამდე გაზრდის შემდეგ, სისტემის მიერ დაზღვეული იქნება ფიზიკური პირების დეპოზიტების დაახლოებით 22%. აღნიშნული მაჩვენებელი 5,000 ლარიანი ზღვრის პირობებში 2019 წლის ნოემბრის თვის მონაცემებით დაახლოებით 12%-ია. ამდენად, ზღვრის გაზრდის გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დაზღვეული დეპოზიტების მაჩვენებელს და ზრდის სანდოობის ხარისხს. ეს თავის მხრივ გადამწყვეტი ფაქტორია, დეპოზიტების დაზღვევის, როგორც ფინანსური უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთი კომპონენტის მიერ, უმთავრესი ფუნქციის - კრიზისის პრევენციის - განსახორციელებლად,”- ამბობს ოთარ ძიძიკაშვილი.

- რამდენად დიდ გავლენას მოახდენს 15,000 ლარამდე ზრდა თავად სააგენტოს შემოსავლებზე? ამ დროისთვის ყოველთვიურად ბანკები პრემიის სახით ყოველთვიურად 1.5 მილიონ ლარს იხდიან სააგენტოში, როგორ გაიზრდება სააგენტოს შემოსავლები ლიმიტის 15,000 ლარამდე გაზრდის შემდგომ?

პასუხი - “როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზღვრის გაზრდასთან ერთად, სააგენტომ, საბჭოსთან შეთანხმებით მიიღო კომერციული ბანკებისთვის ყოველთვიური შენატანების განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილება, იმისთვის რომ არსებითად არ გაზრდილიყო ბანკების მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა. გაზრდილი ზღვრის და შემცირებული განაკვეთების პირობებში სააგენტო 2020 წლის განმავლობაში პრემიუმის სახით დეპოზიტების დაზღვევის ფონდში დაახლოებთ 26 მლნ ლარის შემოსავალს ელოდება. კომერციული ბანკების ჯამური გადასახადი წლიურად 7 მილიონი ლარით გაიზრდება, რაც საბანკო სექტორისთვის არ წამოადგენს ვალდებულებების მნიშვნელოვან ზრდას.”

“სისტემის ამოქმედების შემდგომ კომერციულმა ბანკებმა დაახლოებით 30 მილიონი ლარის პრემია გადაიხადეს სააგენტოში, როგორ ახდენთ თქვენ ამ თანხის ინვესტირებას?”

პასუხი- “დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ფონდში აკუმულირებული სახსრების ინვესტირებას საინვესტიციო პოლიტიკის და ყოველწლიური საინვესტიციო გეგმის შესაბამისად ახორციელებს. სააგენტო მონაწილეობს პირველადი ბაზრის აუქციონებში და ინვესტირებას ახდენს სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში. 2019 წლის დეკემბრის მონაცემებით, სისტემის ამოქმედებიდან დღემდე დეპოზიტების დაზღვევის ფონდში პირველადი შენატანის სახით 1,600,000 ლარი, რეგულარული სადაზღვევო შენატანის სახით - 30,631,059 ლარი, ხოლო კუპონის სახით 1,891,223 ლარი აკუმულირდა. არსებული საინვესტიციო პორტფელის მოცულობა 31,306,479 მლნ ლარია, საშუალო ვადიანობა 3,2 წელი, ხოლო წლიური საშუალო შემოსავლის განაკვეთი 7,420%-ია. აუქციონებში მონაწილეობის დეტალური შედეგები მუდმივ რეჟიმში ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გერდზე.”

საკმარისია თუ არა ფონდში აკუმულირებული თანხა იმისთვის, რათა კრიზისის შემთხვევაში კონკრეტული ბანკის დეპოზიტარები სრულად დაკმაყოფილდნენ?

იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი შემთხვევა დადგება, დეპოზიტების დაზღვევის სისტემას სახელმწიფოსგან სესხების სპეციალური უფლებით ისარგებლებს, ამასთანავე კანონის მიხედვით, სააგენტო კომერციულ ბანკებს ერთჯერადი სახის გადასახადს დააკისრებს.

“იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, ფონდში არ იქნება საკმარისი ფინანსური რესურსი, ამოქმედდება კანონით გათვალისწინებული სპეციალური შენატანის პრინციპი, რომელიც გულისხმობს მსგავს ვითარებაში სისტემის წევრი კომერციული ბანკებისთვის დამატებითი ერთჯერადი გადასახადის დაკისრებას (არაუმეტეს შესაბამის კომერციულ ბანკში დაზღვეული დეპოზიტების 1%-ისა). ასევე, სამართლებრივად უზრუნველყოფილია სააგენტოს უფლება, მოიზიდოს დამატებითი სახსრები, მათ შორის სახელმწიფო გარანტიის საფუძველზე. სააგენტო მუშაობს კრიზისების მართვის პოლიტიკაზე, რომელიც მათ შორის მსგავს ვითარებაში რესურსების მობილიზების კონკრეტული სქემის შემუშავებასაც ითვალისწინებს,”- ამბობს ოთარ ძიძიკაშვილი.

სააგენტოს ხელმძღვანელი განმარტავს, რომ დეპოზიტების დაზღვევის სისტემა კონკრეტული ბანკის გაკოტრების შემთხვევაში, დეპოზიტების გადინებისგან მთელ სექტორს იცავს, რადგანაც სახელმწიფო მოქალაქეთა დანაზოგების გარანტორის ფუნქციას ასრულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები