მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაქო-სუფსის მილსადენი გაჩერებულია - როდის აღდგება მისი ფუნქციონირება?

63329f04d636d
შოთა ტყეშელაშვილი
27.09.22 13:16
1319
ბაქო-სუფსის მილსადენი, რომელიც საქართველოზე გამავალი ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტია, მაისიდან მოყოლებული ნავთობს აღარ ატარებს. 

აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველოს და შემდეგ შავი ზღვის გავლით ნავთობის გადაზიდვის შემცირების გადაწყვეტილება მარტში მიიღო, აპრილიდან კი ბაქო-სუფსის მილსადენის ოპერირება ფაქტობრივად შეჩერდა. სანაცვლოდ, ნედლი ნავთობი სრულად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენში გადამისამართდა, რომლის მეშვეობითაც ტანკერების შევსება ხმელთაშუაზღვის ჯეიჰანის პორტში ხდება.

ბაქო-სუფსის მილსადენის ოპერატორია BP-ი, სადაც BMG-ის განუცხადეს, რომ ამჟამად არ იციან, როდის განახლდება ამ გზით გადაზიდვები. 

“აზერბაიჯანის საერთაშორისო ოპერაციების კომპანიამ (AIOC) გადაწყვიტა დროებით შეაჩეროს დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის (ბაქო-სუფსა) და შავ ზღვაზე მდებარე სუფსის ტერმინალის ექსპლუატაცია. ეს პრევენციული ზომაა ბაქო-სუფსის მილსადენის ექსპლუატაციისას პოტენციური საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რაც დაკავშირებულია პოტენციურად ტანკერების ხელმიუწვდომლობასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შეშფოთებასთან, რის წინაშეც დგანან გადამზიდები", - აცხადებენ BP-ის პრესსამსახურში.

ბაქო-სუფსას მილსადენი ომამდელ პერიოდში თვეში საშუალოდ 0.4-0.5 მილიონ ტონა ნავთობს ატარებდა. 2022 წლის მარტში ეს რიცხვი 0.2 მილიონ ტონამდე, აპრილში 0.1 მილიონამდე, მაისში კი 0-მდე შემცირდა. 

სანაცვლოდ გაიზარდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის დატვირთვა. ომამდელ პერიოდში ბაქო-თბილისი ჯეიჰანი თვეში საშუალოდ 2.2-2.3 მილიონ ტონა ნავთობს ატარებდა, ეს რიცხვი 2.4 მილიონ ტონამდე გაიზარდა. 

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ბაქო-თბილისი ჯეიჰანის და ბაქო-სუფსის მილსადენების დატვირთვა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მცირდებოდა. მაგალითად, 2010 წელს ამ ორივე მილსადენით 42.4 მილიონი ტონა ნავთობის გადაზიდვა მოხდა, 2021 წელს კი ეს მაჩვენებელი 30.6 მილიონ ტონამდე შემცირდა.

თავად ბაქო-სუფსის მილსადენის სიგრძე 830 კილომეტრია და ის 1999 წელს ამოქმედდა. 2021 წელს მისი მეშვეობით 4.2 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადაზიდვა მოხდა. მილსადენის ოფიციალური სახელია WREP, ხოლო მას საერთაშორისო კომპანიებისგან შემდგარი კონსორციუმი ფლობს. ეს კომპანიებია - BP (30.4%); SOCAR (25%); MOL (9.6%); INPEX (9.3%); Equinor (7.3%); ExxonMobil (6.8%); TPAO (5.7%); ITOCHU (3.6%); ONGC Videsh Limited (2.31%).

2021 წელს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ბაქო-სუფსას მილსადენის ოპერირების საკომისიო შემოსავლის სახით 27.5 მილიონი ლარი მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები