მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბაქო-სუფსის მილსადენით ნავთობის ექსპორტი აქტიურად მიმდინარეობს

6401b5cda4e8c
მარიამ ვარადაშვილი
03.03.23 13:20
859
BP-ის ინფორმაციით, ბაქო-სუფსის მილსადენით მეორე ტანკერი გასული კვირის ბოლოს გავიდა, ხოლო პირველმა ტანკერმა სუფსის ტერმინალი თებერვლის შუა რიცხვებში დატოვა. თითქმის ათთვიანი გაჩერების შემდეგ, ბაქო-სუფსის მილსადენით თებერვალში ამუშავდა.

ცნობისთვის, BP-მ ბაქო-სუფსის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირება ჯერ 2022 წლის 15 მარტიდან აპრილის ბოლომდე შეაჩერა, შემდეგ კი - წლის ბოლომდე. მაშინ ბრიტანულმა კომპანიამ მიზეზად შავ ზღვაში ნავთობტანკერების უსაფრთხოების საკითხის დაასახელა. როგორც Eurasianet წერს, ბაქო-სუფსის მილსადენით ნავთობის ტრანზიტი ორივე ქვეყნისთვის როგორც საქართველოსთვის, ასევე აზერბაიჯანისთვის კარგი ამბავი უნდა ყოფილიყო, თუმცა მილსადენის ამუშავება დროებით მოხდა.

BMG-ის BP-ში უთხრეს, რომ ნავთობსადენი ამჟამად მუშაობს, თუმცა ნავთობსადენი მაშინ იმუშავებს, როცა ნომინაციები ექნება. აქედან გამომდინარე, მისი მუშაობა ნომინაციებზეა დამოკიდებული და წინასწარ იმის თქმა მუდმივად იმუშავებს თუ არა, კომპანიაში უჭირთ.

BP-ში ასევე აცხადებენ, რომ ბაქო-სუფსის მილსადენში ნაკადი საექსპორტო ტერმინალ ჯეიჰანის ექვსდღიანი დახურვის გამო განახლდა. ჯეიჰანის ტერმინალი თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ დაიხურა.

უკრაინის ომამდე აზერბაიჯანული ნავთობი საერთაშორისო ბაზრებზე სამი მილსადენით გადიოდა. ესენია ბაქო-სუფსას, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-ნოვოროსიისკის მილსადენები. გასულ წელს იმავე მიზეზით ბაქო-ნოვოროსიისკის მილსადენზეც შეწყდა, საიდანაც ნავთობი იმავე ბთჯ-ზე გადამისამართდა. გამოცემა ასევე წერს, რომ აზერბაიჯანმა გასულ წლის 11 თვეში ნავთობისა და გაზის ექსპორტისგან თითქმის 34 მილიარდი დოლარი მიიღო. შემოსავლების ზრდა ნაწილობრივ გამოწვეული იყო ნავთობის ფასის ზრდით, რაც თავის მხრივ რუსეთის უკრაინაში ინტერვენციამ გამოიწვია.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით კი, 2022 წელს მილსადენით 0.6 მლნ ტონა ნავთობია გადაზიდული. სტატისტიკიდან ასევე ჩანს, რომ აპრილის შემდეგ მილსადენი გაჩერებული იყო. გასულ წელს საქართველოს გავლით ჯამში 30.6 მლნ ტონა ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდა, რაც 2021 წლის მაჩვენებლის ტოლია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები