მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაქო-სუფსის მილსადენით ნავთობის გადაზიდვა შეჩერდა

629e4b8463812
ნინო ტაბატაძე
06.06.22 23:43
18561
ივნისში, ბაქო-სუფსის მილსადენით ნავთობის გადაზიდვა არ მოხდება, - ინფორმაციას საქართველოზე გამავალი მილსადენის დროებით დახურვაზე eurasianet.org ავრცელებს. პორტალი წერს, რომ ინფორმაცია BP-მ მათ წერილობით დაუდასტურა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ბაქო-სუფსის მილსადენის დახურვა „დროებითი“ და "პრევენციული ღონისძიებაა“. ამასთან, აზერბაიჯანული ნავთობი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენში გადამისამართდება.

პორტალის ცნობითვე, თვადაპირველად BP-მ ბაქო-სუფსის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირება 15 მარტიდან აპრილის ბოლომდე შეაჩერა, შემდეგ კი, ეს გადაწყვეტილება მაისის ბოლომდე გაგრძელდა. მიზეზი შავ ზღვაში ნავთობტანკერების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული შეშფოთებაა.

აზერბაიჯანული ნავთობის ნაწილი ბაქო-სუფსის მილსადენით სუფსის ტერმინალში გადაიზიდება, შემდეგ კი, ტანკერებით მსოფლიო ბაზარზე გადის. ნავთობის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენში გადამისამართება კი, ტრანსპორტირების ხარჯს ზრდის. ბაქო-თბილისი -ჯეიჰანით ნავთობის ტრანსპორტირება 1.5-2 დოლარი ღირს, მაშინ როცა ბაქო-სუფსის მილსადენით ტრანზიტის ღირებულება 1 ბარელზე 0.42 დოლარია.

„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ ოფიციალური მონაცემებით, ბაქო-სუფსის მილსადენით აპრილში მხოლდო 0.1 მლნ ტონა ნავთობი გადაიზიდა, მარტში ეს მაჩვენებელი 200 000 ტონა იყო, მაშინ როდესაც ყოველთიურად მილსადენით დაახლოებით 400 000 ტონა ნავთობის ტრანსპორტირება ხდება.

ამასთან, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით მარტში 2.4 მლნ ტონა, ხოლო აპრილში 2.5 მლნ ტონა ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები