ბაქო-თბილისი- ჯეიჰანის მილსადენის ოპერირებაზე გასულ წელს 166 მლნ დოლარი დაიხარჯა.
BP აზერბაიჯანის წლიური ანგარიშის მიხედვით, მილსადენის ოპერირების ხარჯი 31%-ით იყო გაზრდილი. მათ შორის, 120 მლნ დოლარი საოპერაციო ხარჯი იყო, 46 მლნ კი, კაპიტალური ხარჯებს მოხმარდა. 2022 წელს ეს მაჩვენებლები შესაბამისად, $100 მლნ-ს და $27 მლნ-ს შეადგენდა.
მას შემდეგ, რაც 1,768 კმ BTC მილსადენი ამოქმედდა, ანუ 2006 წლის ივნისიდან 2023 წლის ბოლომდე, მთლიანობაში დაახლოებით 4,2 მილიარდი ბარელი (დაახლოებით 561 მილიონი ტონა) ნედლი ნავთობის ტრანსპორტირება მოხდა. უშუალოდ, 2023 წელს კი, 227 მილიონი ბარელი (დაახლოებით 30.2 მილიონი ტონა) BTC-ის მიერ ექსპორტირებული ნედლი ნავთობი მიიღო ჯეიჰანის პორტმა, სადაც ნავთობი 313 ტანკერზე დაიტვირთა.
BTC მილსადენი ამჟამად აზერბაიჯანიდან ძირითადად, ACG ნედლ ნავთობს და შაჰ-დენიზის კონდენსატს ატარებს. გარდა ამისა, მილსადენით ხდება კასპიის რეგიონის სხვა ნავთობის (ყაზახეთი, თურქმენეთი, სოკარის) ტრანსპორტირებაც.
ამჟამად, BTC Co. აქციონერები არიან: bp (30.1%, დიდი ბრიტანეთი), SOCAR (25.00%, აზერბაიჯანი), MOL (8.90%, უნგრეთი), Equinor (8.71%, ნორვეგია), TPAO (6.53%, თურქეთი ), Eni (5.00%, იტალია), TotalEnergies (5.00%, საფრანგეთი), ITOCHU (3.40%, იაპონია), INPEX (2.50%, იაპონია), ExxonMobil (2.50%, აშშ) და ONGCVidesh (2.36%, ინდოეთი).