მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით მსოფლიო ბაზარზე 32 მლნ ტონა თურქმენული ნავთობი გავიდა - SOCAR-ი

635e475a5d835
თამთა ჯიჯავაძე
30.10.22 13:43
1131
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით მსოფლიო ბაზრებზე დღემდე სულ 32 მილიონი ტონა თურქმენული ნავთობია ექსპორტირებული. ამის შესახებ განცხადება, თურქმენული მედიის ცნობით, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) პრეზიდენტმა როვშან ნაჯაფმა თურქმენეთის საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას გააკეთა.

გამოცემის მიხედვით, როვშან ნაჯაფმა კონფერენციის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია SOCAR-ის საქმიანობის შესახებ ნავთობისა და გაზის სექტორში, ასევე მისი შესაძლებლობების შესახებ კასპიის ზღვაში და გააცნო გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნები.

თურქმენული მედიის ცნობით, SOCAR-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სამხრეთ გაზის დერეფანს, რომელიც ევროკომისიის ინიციატივაა კასპიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ, დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ აზერბაიჯანისთვის, არამედ რეგიონის ქვეყნებისთვისაც.

ცნობისთვის, სექტემბერში „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ (BTC ) მილსადენი რეკორდული დატვირთვით მუშაობდა. „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მონაცემებით, გასულ თვეში მილსადენით 2.7 მლნ ტონა ნავთობის ტრანსპორტირება მოხდა, რაც წლის მაქსიმუმია. სულ 9 თვეში მილსადენით 21.6 მლნ ტონა ნავთობის გატარება მოხდა.

რაც შეეხება მეორე მილსადენს - ბაქო-სუფსის მილსადენი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ფაქტობრივად არ მუშაობს, ამიტომ გატარებული ნავთობის მოცულობა მხოლოდ 1 მლნ ტონა იყო.

თავდაპირველად, BP-მ ბაქო-სუფსის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირება 15 მარტიდან აპრილის ბოლომდე შეაჩერა, შემდეგ კი, ეს გადაწყვეტილება გახანგრძლივდა. მიზეზად შავ ზღვაში ნავთობტანკერების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული შეშფოთება დასახელდა.

ბაქო-სუფსის მილსადენი, კვირის დასაწყისში, საქართველოში ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაშიც მოხვდა.

„იქნება ახალი საკითხებიც განსახილველი. ამასობაში, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი გაზრდის ექსპორტს. ამ მილსადენით გაიზრდება ექსპორტი, კიდევ უფრო დაიტვირთება მილსადენი და კიდევ უფრო მეტად გვინდა გამოვიყენოთ ბაქო-სუფსას ტერმინალი, რომელიც ახლა არ არის ქმედით მდგომარეობაში, მაგრამ გვინდა ეს არხიც დავტვირთოთ“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

შეგახსენებთ, 2021 წელს, მილსადენებით საქართველოს გავლით 30.4 მლნ ტონა ნავთობის გადაზიდვა მოხდა; კლება 2020 წელთან შედარებით 1.4 მლნ ტონა იყო. ამასთან, 2021 წლის განმავლობაში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენში გატარებული ნავთობის მოცულობამ 26 მილიონი ტონა შეადგინა, ეს ბოლო 10 წლის განმავლობაში მილსადენის დატვირთვის მინიმალური მაჩვენებელია. კლება წლიურად 5% იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები