მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SOCAR-ი და KazMunayGas-ი აზერბაიჯანის გავლით ყაზახური ნავთობის ტრანზიტზე, რუსეთის გარეშე შეთანხმდნენ

6499dbbd401e8
გიორგი არონია
26.06.23 22:45
524

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობმომპოვებელი კომპანია, SOCAR-ი და ყაზახური KasMunayGas-ი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ყაზახური ნავთობის გატარებაზე შეთანხმდნენ, რისთვისაც ურთიერთგაგების მემორანდუმიც გააფორმეს. ამ შეთანხმებას წინ აზერბაიჯანისა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრებს შორის გამართული მოლაპარაკებები უსწრებდა, რომლებშიც რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი არ მონაწილეობდა, რაც ამ რეგიონისთვის, იშვიათ მოვლენად ითვლება.

ყაზახური ნავთობმომპოვებელი კომპანიის განცხადებით, აზერბაიჯანის გავლით ნავთობის ტვირთბრუნვის გაზრდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ორივე ქვეყნის გრძელვადიან გეგმას წარმოადგენს. “მემორანდუმი ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის ზოგად დებულებებს და პრინციპებს აყალიბებს, რომლებიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ყაზახური ნავთობის ტრანზიტის გასაზრდელად არის საჭირო”, - ვკითხულობთ აზერბაიჯანის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანზიტი ყაზახეთმა მიმდინარე წლის გაზაფხულზე, ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციის მიზნად განაახლა. აღნიშნული შეთანხმებით, ყოველწლიურად 1.5 მილიონი ტონა ნავთობის გადაზიდვა იგეგმება, რაც აზერბაიჯანის გამტარუნარიანობის 10%-ია. ჯამში, ბაქო-თბილისი-ჯეიხანის მილსადენი 1768 კილომეტრისაა, რომლის უდიდესი ნაწილი, ანუ 1076 კილომეტრი თურქეთში, 443 კილომეტრი აზერბაიჯანში, 249 კილომეტრი კი - საქართველოში მდებარეობს. ამ მილსადენით, ჯამში, ყოველწლიურად, 50 მილიონი ტონა ნავთობის გატარება არის შესაძლებელი.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, მას რამდენიმე მსხვილი საერთაშორისო კომპანიისგან შემდგარი კონსორციუმი მართავს, რომელშიც უდიდესი აქციონერები ბრიტანული BP-ი და აზერბაიჯანული SOCAR-ი არიან. ზემოხსენებულ კომპანიებთან ერთად, მილსადენის აქციონერებში, ასევე არიან MOL-ი (8.9%), Equinor-ი (8.71%), TPAO (6.53%), Eni (5%), Itochu (3.4%), ExxonMobil-ი (2.5%), INPEX-ი (2.5%), TotalEnergies-ი (5%) და ONGCVidesh-ი (2.36%).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები