აზერბაიჯანის რკინიგზამ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე რეგულარული სატვირთო მიმოსვლები 20 მაისიდან განახლდა. აზერბაიჯანის რკინიგზა აღნიშნავს, რომ რკინიგზაზე სამუშაოები უკვე დასრულებულია და მას შეუძლია წლიურად 5 მილიონი ტონა ტვირთის გატარება.
BMG-იმ აღნიშნულის შესახებ კითხვით მიმართა ეკონომიკის სამინისტროს, სადაც განმარტავენ, რომ საქართველოს მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები გრძელდება.
“ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება ისევ სატესტო რეჟიმში გაიხსნა. კერძოდ, დღის პირველ ნახევარში სამშენებლო სამუშაოები გაგრძელდება, ხოლო დღის მეორე ნახევარში სატვირთო მატარებლები იმოძრავებს,”- ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განმარტებაში.
BMG-იმ სამინისტროს დამატებით მიმართა კითხვებით თუ როდის გაიხსნება სრულად აღნიშნული სარკინიგზო მონაკვეთი, ასევე რამდენი მილიონი დოლარის ინვესტიცია არის განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოების დასრულებისთვის და სამუშაოთა რა ნაწილი არის ამ დრომდე შესრულებული.
BTK რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის გაფართოების შემდგომ ეტაპზე ერთ-ერთი მთავარი საკითხია აზერბაიჯანი - საქართველოს ერთობლივი კომპანიის შექმნა. სწორედ ეს კომპანია იმუშავებს BTK ოპერაციების ეფექტურად მართვისა და ახალი ტვირთების მოზიდვის მიმართულებით.
ოფიციალურად ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიხსნა. ბაქოში გამართულ გახსნის საზეიმო ცერემონიაში 5 ქვეყნის ლიდერმა მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული ცერემონია რკინიგზის ძირითადი სამშენებლო სამუშაოების დასრულებას ეძღვნებოდა. ამ თარიღიდან თითქმის შვიდი წლის შემდეგაც რკინიგზაზე სამშენებლო სამუშაოები ბოლომდე დასრულებული არაა.