ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა 2024 წელს დასრულდება - ამის შესახებ BMG-ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ოფიციალური წერილის პასუხად აცნობეს.
BMG-მ სამინისტროს არაერთი კითხვით მიმართა, რომელთა ნაწილზეც პასუხი მივიღეთ. მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ დღეისათვის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების 90% შესრულებულია და აზერბაიჯანის გამოყოფილი საკრედიტო ხაზიდან 756 მლნ დოლარია ათვისებული.
პროექტის დასრულება 2024 წელს იგეგმება, რის შემდეგაც მარაბდა-კარწახის სარკინიგზო უბანი ექსპლოატაციაში გაეშვება.
„სამშენებლო სამუშაოების დასრულების და მონაკვეთის ექსპლოატაციაში შესვლამდე შეიქმნება ქართულ-აზერბაიჯანული ერთობლივი საწარმო, როგორც ეს არის გათვალისწინებული ჩვენს ქვეყნებს შორის დადებული საერთაშორისო ორმხრივი ხელშეკრულების მიხედვით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ორ ქვეყანას შორის დაწყებულია შესაბამისი იურიდიული პროცედურები“, - ნათქვამია დოკუმენტში, სადაც აღნიშნულია, რომ მარაბდა-კარწახის სარკინიგზო ხაზზე შესაძლებელი იქნება წელიწადში 5 მლნ ტონა ტვირთის გატარება.
news მომზადებულია BMG-ის და "მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის" თანამშრომლობით, პროექტის - "მედიის თავისუფლებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გზით“ - ფარგლებში. დონორი - აშშ-ის საელჩო საქართველოში.