რუსთაველის გამზირის მსგავსად შესაძლოა ბარათაშვილის მოედანზე მდებარე შენობების ფასადების რეაბილიტაციაც განხორციელდეს. ამის შესახებ ინფორმაცია გადაცემა “საქმის კურსში” თბილისის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი პაპავამ განაცხადა.
მისი თქმით, ფონდმა შეისყიდა საპროექტო მომსახურება, თუმცა მოსახლეობასთან არსებული წინააღმდეგობის გამო არსებული პროექტით ადგილზე სამუშაოები ვერ ხორციელდება. შესაბამისად, პაპავას თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მსჯელობა თუ როგორ უნდა ჩატარდეს რეაბილიტაცია ისე რომ ყველას ინტერესი იყოს დაცული.
“ბარათაშვილის მოედანზე თბილისის განვითარების ფონდმა თბილისის მერიის დავალებით განახორციელა საპროექტო მომსახურების შესყიდვა, შეძენილი არის პროექტები, თუმცა მოსახლეობის მხრიდან წინააღმდეგობა იყო. ბევრი მათგანი არ არის თანახმა რეაბილიტაციაზე ვინაიდან ეკონომიკური დანიშნულებით ჰოსტელებად და ა.შ გაქირავებული აქვთ და შემოსავალს იღებენ, შესაბამისად, ახლა ვამუშავებთ პროექტს, როგორ უნდა გავაკეთოთ ისე ამ ფასადების რეაბილიტაცია რომ მოსახლეობას თავისი ეკონომიკური საქმიანობის წარმოებაში ხელი არ შეეშალოს“, - აცხადებს თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი პაპავა.