მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ბარბარესთან“ მსოფლიოს 1000 საუკეთესოს შორის - რესტორანი La Liste-ის რეიტინგში მოხვდა

ბარბარესთან

რესტორანი „ბარბარესთან“, რომელმაც ბარბარე ჯორჯაძის მიერ XIX საუკუნეში შექმნილი კულინარიული მემკვიდრეობა თანამედროვე ფორმატში გააცოცხლა, La Liste-ის მსოფლიოს 1000 საუკეთესო რესტორნის ჩამონათვალში მოხვდა. ეს არის რეიტინგი, რომელიც საერთაშორისო კრიტიკოსების შეფასებებს, გიდებსა და მომხმარებელთა რეიტინგებს აერთიანებს და რესტორნებს კონცეფციის, ტექნიკის, სერვისისა და სტაბილურობის მიხედვით აფასებს.

რესტორნის გენერალური მენეჯერი ანდრია ქურასბედიანი BM.GE-სთან ამბობს, რომ ეს შედეგი წლების თანმიმდევრული მუშაობის ლოგიკური გაგრძელებაა. მისი თქმით, კომპანიას თავიდანვე მკაფიო მისია ჰქონდა – მე-19 საუკუნის ქართული კულინარიული კულტურის გაცოცხლება თანამედროვე ფორმატში და ისეთი გამოცდილების შექმნა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებდა.

„დასაწყისიდანვე გვქონდა მკაფიო მისია - კნეინა ბარბარე ჯორჯაძის წიგნიდან „სრული სამზარეულო“ ისტორიული რეცეპტების გაცოცხლება თანამედროვე Fine Dining ფორმატში. კონცეფციის სიღრმე, სერვისის მაღალი სტანდარტი, ვიზუალური პრეზენტაცია და გუნდის ერთიანი ხედვა ქმნის მთლიან გამოცდილებას, რომელიც საერთაშორისოდ აღქმადი და კონკურენტულია“, - ამბობს ქურასბედიანი.

მისივე განმარტებით, რესტორნის შერჩევა მათგან დამოუკიდებლად მოხდა : „ეს პროცესი ჩვენგან დამოუკიდებლად განხორციელდა – La Liste-მა თავად აღმოაჩინა და შეარჩია ჩვენი რესტორანი საკუთარი შეფასების სისტემის საფუძველზე“, - თქვა მან და დასძინა, რომ სწორედ ხარისხის სტაბილურობამ და კონცეფციის ერთიანობამ განაპირობა საერთაშორისო აღიარება.

მისი შეფასებით, ეს წარმატება მხოლოდ პროფესიული მიღწევა არ არის. ეს ნიშნავს, რომ ქართული გასტრონომია ღირსეულად არის წარმოდგენილი მსოფლიო რუკაზე : “ჩვენთვის ეს პასუხისმგებლობაცაა – ვიყოთ მე-19 საუკუნის კულინარიული კულტურის ელჩები. შედეგს ველოდით, რადგან ყოველდღიურად ვმუშაობთ განვითარებისთვის, თუმცა ასეთი მასშტაბის საერთაშორისო აღიარება მაინც განსაკუთრებული და ამაღელვებელია“, – ამბობს მენეჯერი.

დღეს რესტორანი ერთდროულად 80-მდე სტუმარს მასპინძლობს. ვიზიტორებს შორის არიან ადგილობრივი სტუმრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საერთაშორისო მოგზაურები. რეიტინგში მოხვედრის შემდეგ, როგორც მენეჯერი ამბობს, უცხოეთიდან ჯავშნები და პარტნიორობის შეთავაზებები გაიზარდა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, რესტორნის გუნდი განვითარების ახალ ეტაპს გეგმავს. 2026 წელი, ქურასბედიანის თქმით, კონცეფციის გაღრმავებისა და საერთაშორისო პოზიციონირების გაძლიერების პერიოდი იქნება. იგეგმება ხარისხის სისტემური დახვეწა, ისტორიული მემკვიდრეობის კვლევის გაძლიერება და საერთაშორისო კოლაბორაციები.

ამასთან, რესტორანი ახალ ლოკაციაზე გადასვლასაც გეგმავს, რაც სივრცისა და სტუმრის გამოცდილების გაფართოების შესაძლებლობას შექმნის. უფრო მეტი დეტალის გაჟღერებისგან მენეჯერი თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ გაფართოების მიზანი უცვლელია – „ბარბარესთან“ ჩამოყალიბდეს არა მხოლოდ როგორც რესტორანი, არამედ როგორც ძლიერი ქართული გასტრონომიული ბრენდი საერთაშორისო პერსპექტივით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები