სათამაშოების მწარმოებელი კომპანია “Mattel”-ის ხელმძღვანელი წლების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ფილმი, ბარბის თოჯინის მონაწილეობით, კომპანიას გაყიდვების აღდგენაში დაეხმარებოდა. თუმცა კომპანიის მიერ კვარტალური შედეგების გამოქვეყნებამ უფრო ცხადყო, რამდენად შეუწყო ხელი 2023 წლის ყველაზე მაღალ შემოსავლიანმა ფილმმა ბარბის თოჯინების გაყიდვას.
III კვარტალში Mattel-ის ბარბის გაყიდვები, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16%-ით გაიზარდა. მიუხედავად მოსალოდნელზე უკეთესი შედეგებისა, კომპანიამ IV კვარტალის პროგნოზები უცვლელი დატოვა. მართალია, საშობაოდ სათამაშოები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდემდე გააძლიერებს “ბარბის” ფილმი Mattel-ის შედეგებს და რა გავლენა ექნება მსოფლიოს ეკონომიკურ გამოწვევებს საშობაო საყიდლებზე.
“კომპანია გამოწვევებით სავსე მაკროეკონომიკურ გარემოში ოპერირებს ფინანსური არასტაბილურობის, ინფლაციის ფონზე, რამაც, შესაძლოა, მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნაზე გავლენა იქონიოს”, - აცხადებენ კომპანიაში.
Mattel-ის ხელმძღვანელი იანონ კრეიზი გამოსავალს სატელევიზიო შოუებსა და ფილმებში ინვესტირებაში ხედავს, რადგან, პანდემიის შემდეგ ინდუსტრიის შემოსავლები სტაბილურად მცირდება და არც 2023 წელი იქნება გამონაკლისი.
თუმცა Mattel-ი გამოწვევების მიუხედავად, დადებით შედეგებზე გადის და, კონკურენტ კომპანიებთან შედარებით, მოგების მარჟას აუმჯობესებს.
მხოლოდ ბილეთების გაყიდვით, გრეტა გერვიგის “ბარბიმ” გამოსვლის დღიდან დღემდე გლობალურად $1.4 მილიარდი გამოიმუშავა.
Mattel-ის სათამაშოების გაყიდვებმა კი, III კვარტალში, $1.9 მილიარდი შეადგინა, რაც 9%-ით აღემატება წინა წლის ამავე პერიოდს - კომპანია კვარტალურ მოგებაზე, ერთი წლის მანძილზე, პირველად გავიდა. ამავდროულად, კომპანიის მოგება $134.3 მილიონამდე შემცირდა, რისი მიზეზიც კომპანიის, გასულ წელთან შედარებით, გაზრდილი სახელმწიფო გადასახადებია.