მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბარებისა და კლუბების მიმართვა მთავრობას - "ბევრი ჩვენგანი გაკოტრების საფრთხის წინაშეა"

5eccf1c9c4a59
ვიქტორია მღებრიშვილი
26.05.20 14:44
1225
ბარებისა და კლუბების საინიციატივო ჯგუფი საქართველოს მთავრობას დახმარების თხოვნითა და სექტორის ამოქმედების ვადების დადგენის მოთხოვნით მიმართავს.

ბარებისა და რესტორნების გაერთიანებაში 100-მდე ბიზნესსუბიექტია, რომელებიც მთავრობას, დახურული სივრცეების გახსნის ნებართვის არგაცემის შემთხვევაში, სახელმწიფო ბალანსზე არსებული ღია სივრცეების გამოყენების ინიციატივით მიმართავენ. საინიციატივო ჯგუფმა პრესკონფერენცია დღეს "დედაენის ბაღში" გამართა. 

„პირველ რიგში გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ვწუხვართ რომ საზეიმო განწყობის ნაცვლად ქვეყანაში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე გვიწევს განცხადების გაკეთება. ჩვენი საინიციატივო ჯგუფი აერთიანებს 100-ობით ობიექტს და 1000-ობით დასაქმებულ პირს, სხვა დახურული სივრცეები ბარებისა და კლუბების წარმომადგენლები კი ყოველდღიურად გვემატებიან.

ბარის და საკლუბო კულტურა, როგორც ღამის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი, ქვეყანაში ტურიზმის ერთ-ერთი საიმიჯო ნაწილია. სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე ჩვენი შრომითა და ენთუზიაზმით ათასობით ადგილი შევქმენით. პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე შექმნილი ვითარება, იმდენად მძიმედ აისახა ჩვენს სექტორზე, რომ ბევრი ჩვენგანი გაკოტრების საფრთხის წინაშე დადგა, შესაბამისად სახელმწიფოს მხრიდან მოვითხოვთ ყურადღებას.

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, ჩატარებულია კვლევა ჩვენი სფეროს პრობლემებსა და საჭიროებებზე, მაგრამ გვინდა აღვნიშნოთ, რომ სამწუხაროდ ეს მოხდა ჩვენთან კომუნიკაციისა და კონსულტაციების გარეშე. ჩვენი სფერო სპეციფიკური მიმართულებაა და გონივრული გეგმის შემუშავება მხოლოდ ჩვენი ჩართულობით არის შესაძლებელი. გაგაცნობთ ჩვენს მიერ შემუშავებული კრიზისის დაძლევის ხედვასა და მოთხოვნებს, რომლის შესრულებასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ინდუსტირიისა და დასაქმებული ათასობით ადამიანის არსებობის, განვითარებისა და მომავლისათვის:

- დაუყოვნებლივ უნდა დადგინდეს დახურული ბარების, კლუბებისა და მუსიკალური სივრცეების გახნის თარიღი;

- ასევე ჩვენთან ერთად იქნას შემუშავებული და მიღებული დირექტივები;

- იმისათვის, რომ ჩვენმა სექტორმა სრულად შეძლოს თავისი ეკონომიკური როლის დაბრუნება აუცილებელია მინიმუმ ერთ-წლიანი საშეღავათო პერიოდი გადასახადების კუთხით;

- მოვითხოვთ საკრედიტო დახმარებას არსებული ბიზნეს ერთეულებისთვის კომერციულ ბანკებთან და დაბალპროცენტიანი სესხების მიღებისას, დაახლოებით ისე, როგორც ამას აკეთებს სახელმწიფო „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში;

- დროულად თუ არ მოგვეცემა დახურული სივრცეების გახსნის შესაძლებლობა, გვაქვს ინიციატივა სახელმწიფო ბალანსზე არსებულ ცენტრალურ, მაგრამ გამოუყენებელ ღია სივრცეებში შევქმნათ სარეაკრეაციო, ქვეყნის ტურისტული საიმიჯო პროდუქტი „გადარჩენის პარკი“, სადაც უკვე არსებული დახურული ბარები წარმოადგენენ თავის ღია ვარიანტს, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ვირუსის გავრცელების რისკები;

აბსოლუტურად ვიზიარებთ პანდემიაში ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, რაც უკვე დავამტკიცეთ ჩვენი ობიექტების და სივრცეების დაკეტვით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე ადრე, სახელმწიფოს მხრიდან რეკომენდაციების დამტკიცებამდე.

გვჯერა, რომ სახელმწიფოს გათავისებული აქვს ჩვენი როლი ეკონომიკის, ტურიზმის, საერთაშორისო რეპუტაციისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის მშენებლობაში, ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანთა მძიმე ყოფა და ამიტომ სახელმწიფო როგორც კეთილმოსურნე, იმუშავებს არსებული კრიზისის დასაძლევად ზემოთ წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად“, - ნათქვამია ბარებისა და კლუბების საინიციატივო ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცახდებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები