ბრიტანეთში, "ღამის ინდუსტრიების ასოციაციის" (Night Time Industries Association) აღმასრულებელი დირექტორი ღამის კლუბებისთვის უფრო მეტ დაცვას და არსებული პრობლემების გრძელვადიანად გადაჭრის აუცილებლობაზე საუბრობს. ამის შესახებ მაიკლ კილმა 20-წლიანი ოპერირების შემდეგ ბრიტანეთში საკულტო კლუბის Bristol-ის დახურვის ფაქტის შეფასებისას ისაუბრა.
ასოციაციის ინფორმაციით, მხოლოდ ინგლისის აღმოსავლეთ ნაწილში, გასული 5 წლის განმავლობაში, 1000-მდე ღამის კლუბი, ან ინდუსტრიასთან დაკავშირებული სხვა ბიზნესი დაიკეტა. The Drinks Business-თან საუბარში, კილმა აღნიშნა, რომ სექტორისთვის გამოწვევებით სავსე პერიოდი დგას. მიუხედავად დადებითად დაწყებული 2025 წლისა, მას შემდეგ, რაც ბრიტანეთში საარსებო მინიმუმი გაიზარდა, ბევრმა კომპანიამ ბაზარი სრულად დატოვა.
ბრიტანული მედიის ცნობით, ინდუსტრია კრიზისშია. პაბების ცნობილმა ქსელმა, BrewDog-მა მომდევნო დღეებში ათი ფილიალის დახურვაზე გაავრცელა ინფორმაცია. ბრიტანული ლუდისა და პაბის ასოციაციის ცნობით კი, 2025 წელს დღეში სულ მცირე ერთი პაბის დახურვაა პროგნოზირებული.
საქმე ისაა, რომ მომხმარებლები, გაზრდილი საარსებო ხარჯების ფონზე, ღამის ცხოვრებაზე ფულს აღარ ხარჯავენ. ბრიტანელთა 30%-ზე მეტმა 2022 წლიდან დღემდე საგრძნობლად შეამცირა კლუბებში ვიზიტები. ასოციაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ მთავრობას ამის გამომწვევი ზოგიერთი მიზეზის აღმოფხვრა შეუძლია.
მათ შორისაა, მაგალითად, ქუჩებში უსაფრთხოების აღდგენა, გვიან ღამით საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნა და სხვა. ამ ფაქტორების არარსებობის გამო, მაიკლ კილის განცხადებით, ადამიანები იძულებული ხდებიან, სახლში შუა ღამემდე დაბრუნდნენ. მისი თქმით, ღამის კლუბების ოპერატორები "ძალიან ღელავენ" და იმედი აქვთ, რომ ბრიტანეთის მთავრობა მათ საკითხს 2025 წლის საშემოდგომო ბიუჯეტში გაითვალისწინებენ. პრობლემის გადაჭრის გზად ასოციაცია და ინდუსტრია შეღავათიან საგადასახადო პირობებს მიიჩნევენ.




























