მიმდინარე კვირის ბოლო სავაჭრო სესია საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის უაღრესად მკვეთრი ტენდენციით დაიხურა. გასულ 24 საათში ნავთობის ფასი თითქმის 5%-ით გაიზარდა.
ბარელი Brent-ის ღირებულებამ დაახლოებით 99-დოლარიან ნიშნულს მიაღწია, WTI Crude-ის ფასი 93 დოლარის ფარგლებშია. რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის შეძენა ბირჟაზე 77 დოლარადაა შესაძლებელი.
საშუალოდ 3-4 დოლარითაა გაზრდილი ფიუჩერსების ფასებიც, მაგალითად, ამჟამად WTI Crude-ის იანვრისა და თებერვლის კონტრაქტები 90-92 დოლარის ფარგლებში ივაჭრება.
ბირჟაზე დაფიქსირებული აღმასვლის მკვეთრი ტენდენცია პირდაპირ კავშირშია ჩინეთში გავრცელებულ ცნობებთან, კერძოდ, ანონიმური წყაროების მტკიცებით, ჩინეთის მმართველი კომუნისტური მთავრობა მომავალი წლის მარტისთვის ქვეყნის მასშტაბით კოვიდრეგულაციებისა და ლოკდაუნების გაუქმებას გეგმავს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩინეთში ეკონომიკური აქტივობის აღდგენას და საწვავზე მოთხოვნის ზრდას.
ბუნებრივია, აღნიშნულ სიახლეს ტრეიდერები პოზიტიურად იღებენ, რადგან ჩინეთი ნავთობის უმსხვილესი მომხმარებელია, მისი ეკონომიკის გახსნა კი პირდაპირ გავლენას ახდენს ენერგორესურსების ფასებზე.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარების დაძაბვის საკითხიც. საუდის არაბეთის დაზვერვის ინფორმაციით, კრიტიკულადაა გაზრდილი ირანის მიერ სარაკეტო შეტევის განხორციელების რისკები, რომლის სამიზნეც, სავარაუდოდ, არაბეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და ნავთობის გადამამუშავებელი ობიექტების იქნება.
აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა არაერთხელ გამხდარა თავდასხმის სამიზნე, რასაც საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის მიწოდების შეფერხება და, შესაბამისად, ენერგორესურსების გაძვირება გამოუწვევია. მოგეხსენებათ, საუდის არაბეთი OPEC-ის დე-ფაქტო ლიდერი და უმსხვილესი ნავთობექსპორტიორია, შესაბამისად, მისი შეფერხება ბირჟაზე ფასების ზრდას იწვევს.




























