ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის მიერ სანქციების ამოქმედების შემდეგ, საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე რუსული ნავთობის მკვეთრი გაუფასურების ტენდენცია დაიწყო. ამჟამად ბირჟაზე ბარელი Urals-ის ფასი 51 დოლარს შეადგენს, რაც 9 დოლარით ნაკლებია G7-ის მიერ დაწესებულ ფასის ლიმიტზე.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ზოგიერთ საერთაშორისო პორტში პირდაპირ შეძენის შემთხვევაში, რუსული ნავთობი გაცილებით უფრო იაფად იყიდება, ვიდრე ეს საერთაშორისო ბირჟაზეა ხელმისაწვდომი. მაგალითად, გასული კვირის განმავლობაში პრიმორსკის პორტში ბარელი Urals-ის სავაჭრო ფასი 38 დოლარს შეადგენდა, მაშინ როცა ბარელი Brent-ის ღირებულება 78 დოლარს აჭარბებდა.
რუსული ნავთობის გაიაფება იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ დასავლეთმა მისი შესყიდვა თითქმის სრულად შეწყვიტა, ძირითად მომხმარებლად კი აზიური სახელმწიფოები, კერძოდ, ჩინეთი, ინდოეთი და თურქეთი დარჩნენ, მათ კი Urals-ის შეძენა საბაზრო ფასზე იაფად სურთ.
აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ევროპული პორტებიდან რუსული ნავთობის ტრანსპორტირება საერთო ხარჯებს ზრდის, სწორედ ამიტომ რუსულ კომპანიებს ფასის შემცირება უწევთ, რათა Urals-მა არაბულ ბენჩმარკთან კონკურენციის გაწევა შეძლოს და რუსეთის ფედერაციამ ერთადერთი სარეალიზაციო ბაზარიც არ დაკარგოს.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მთავრობამ 2023 წლის საიმპორტო კვოტა 20%-ით გაზარდა, რაც იმას გულისხმობს, რომ წლის პირველ ნახევარში აზიური გიგანტი 132 მილიონი ტონა ნავთობის შესყიდვას გეგმავს, აღნიშნული მოცულობის უდიდესი ნაწილი კი, სავარაუდოდ, სწორედ რუსული Urals-ი იქნება.