საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” და კიდევ რამდენიმე გუნდს ფინანსური Fair Play წესების დარღვევის გამო შესაძლოა უეფამ საკუთარ ტურნირებზე ასპარეზობა 2-3 სეზონით აუკრძალოს.
უეფა გამოძიებას 10 კლუბის წინააღმდეგ აწარმოებს მათ შორის, “მანჩესტერ სიტის”, “მილანისა” და “პსჟ-ს” წინააღმდეგ, თუმცა ყველაზე მძიმე სასჯელი კატალონიელებს ემუქრებათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება დადასტურების შემთხვევაში ძალაში 2024/25 წლების სეზონიდან შევა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მხრიდან მსგავსი ნაბიჯის საფუძველი ფინანსური წესების დარღვევაა, რომელთა მიხედვითაც, კლუბების დანახარჯები შემოსავალს უნდა აკომპენსირებდეს. ასეთი შეფასება 3-წლიანი ციკლის მიხედვით ხდება.
სექტემბერში „ბარსელონამ“ გამოაცხადა, რომ მათ სუფთა მოგება 304 მილიონი ევროს ოდენობით ჰქონდათ. ეს იმას ნიშნავდა, რომ შესაძლო დასჯის საფრთხე აღარ არსებობდა. თუმცა, უეფას ფინანსური წესების მიხედვით, მხედველობაში მიიღება მხოლოდ ის გაყიდვები, რომლებიც პირდაპირ შეიძლება მიეკუთვნებოდეს საფეხბურთო ბიზნესს. „ბარსას“ ბოლო წლიურ ანგარიშში ნახსენებია ასობით მილიონი ევროს შემოსავალი, მაგალითად, მომავალი ტელევიზიისა და მარკეტინგის უფლებების გაყიდვიდან, ასევე სპორტის სხვა სახეობებიდან. ასეთი შემოსავალი კი უეფას მხრიდან არანაირად არ ფასდება.
ზაფხულში უეფამ „ბარსელონა“ 500 ათასი ევროთი დააჯარიმა. შემდეგ უეფას ფინანსური კონტროლის პალატამ დაასკვნა, რომ კლუბმა არამატერიალური აქტივების გაყიდვიდან მიღებული მოგება არასწორად გამოაცხადა.
კატალონიური გრანდისა და სხვა კლუბების შესახებ გადაწყვეტილებას უეფა თებერვალში მიიღებს.