მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უეფამ რუსეთის U17 ნაკრებები საერთაშორისო ტურნირებში დაუშვა

რუსეთის ასაკობრივი ნაკრები

უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ საერთაშორისო ტურნირებში რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრებები დაუშვას.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს აღმასკომის სხდომა კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში 26 სექტემბერს გაიმართა და მის შესახებ უეფას ოფიციალური საიტი წერს:

“უეფა პირველი სპორტული ორგანიზაცია იყო, რომელიც უკრაინაში ომს გამოეხმაურა და 2022 წლის თებერვალშივე მიიღო შესაბამისი ზომები, ჩამოაშორა რა ყველა რუსული გუნდი თავის შეჯიბრებებს, გააუქმა რუსეთში დაგეგმილი ყველა ღონისძიება - უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანკტ-პეტერბურგში და უეფას სუპეთასის მატჩი ყაზანში და გაწყვიტა სპონსორული კონტრაქტი “გაზპრომთან”.

უეფა იაზრებს იმასაც, რომ ბავშვები არ უნდა ისჯებოდნენ იმ ქმედებებისთვის, რომლებზეც პასუხისმგებლობა უფროსებს ეკისრებათ და ღრმად დარწმუნებულია, რომ ფეხბურთი მომავალშიც უნდა იყოს მშვიდობისა და იმედის მომცემი. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ გახანგრძლივებული კონფლიქტის გამო, არასრულწლოვანი თაობა მოკლებულია საერთაშორისო ფეხბურთში გამოსვლის უფლებას. ამის გამო, უეფას აღმოსკომმა გადაწყვიტა, რომ რუსეთის არასრულწლოვანი ფეხბურთელების გუნდები შესაბამის ტურნირებში ამ სეზონშივე იყვნენ დაშვებული.

აღნიშნულთან დაკავშირებით, აღმასკომმა მიმართა უეფას ადმინისტრაციას თხოვნით,  წარმოადგინოს ტექნიკური გადაწყვეტის გზები, რომლითაც დაბრუნდებიან რუსეთის 17 წლამდე ნაკრებები (როგორც გოგონების, ისე ბიჭების) ტურნირებში, თუნდაც წილისყრა უკვე იყოს ჩატარებული. რუსული გუნდების ყველა მატჩი უნდა ჩატარდეს ქვეყნის დროშის, ჰიმნის, ნაციონალური ფორმის გარეშე და არა რუსეთის ტერიტორიაზე.

ამავდროულად, აღმასკომი კვლავაც გმობის რუსეთის უკანონო ომს და ადასტურებს, რომ რუსეთის სხვა ყველა გუნდის (კლუბები და ნაკრებები) დისკვალიფიკაცია ძალაში რჩება უკრაინაში კონფლიქტის დასრულებამდე".

მოვლენებს გამოეხმაურა უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია, მათი განცხადებით უკრაინელები არ გამოვლენ არცერთ შეჯიბრებაში, სადაც რუსებით დაკომპლექტებული გუნდები იქნებიან დაშვებულნი. 
 
"მსგავსი გადაწყვეტილებები, რომლებიც რუსეთის გუნდების შეჯიბრებებში თანდათანობით დაბრუნებას შეეხება და მიიღება იმ სამხედრო მოქმედებების ფონზე, რომელსაც რუსეთის ფედერაცია უკრაინის წინააღმდეგ ატარებს, უსაფუძვლო და ტოლერანტულია რუსული აგრესიული პოლიტიკის მამართ. 
  
УАФ (უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია) გამოდის მოწოდებით, შენარჩუნდეს უეფასა და ფიფას უწინდელი გადაწყვეტილებები, ამ ორგანიზაციების ეგიდით გამართულ საერთაშორისო შეჯიბრებებში რუსული გუნდების არდაშვებასთან დაკავშირებით.

УАФ ადასტურებს, რომ არ მიიღებს არცერთ შეჯიბრებაში მონაწილეობას, სადაც რუსეთის გუნდები იქნებიან დაშვებულნი და თხოვნით მიმართავს უეფას სხვა წევრ ასოციაციებსაც, ბოიკოტი გამოუცხადონ იმ მატჩებს, რომლებშიც რუსეთის დაშვებულ გუნდებთან შეხვედრა შეიძლება მოუხდეთ", - ნათქვამია უკრაინელთა განცხადებაში.

უეფას გადაწყვეტილებაზე რეაგირება სწრაფად მოახდინა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ, რომელიც ძველ პოზიციაზე რჩება და კვლავაც გააგრძელებს რუსეთის გუნდების მონაწილეობით მატჩების ბოიკოტირებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები