საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოზე BARTA 2024-ზე განაცხადების მიღება დაიწყო და კომპანიებისთვის განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა 31 ოქტომბერია.
წელს კონკურსს ახალი ნომინაციები ემატება, მათ შორისაა საუკეთესო დებიუტანტი კომპანიის ნომინაცია. როგორც კონკურსის ორგანიზატორები აცხადებენ, მიმდინარე წელს BARTA-ზე ბევრმა ახალმა კომპანიამ გამოთქვა მონაწილეობის ინტერესი.
ამასთან, წლევანდელი დაჯილდოება გამორჩეული იქნება იმითაც, რომ კომპანიის თითოეული კატეგორიისთვის მდგრადობის ანგარიშგების თითო ნომინაცია დაემატება.
ასევე, წელს უკვე მეორედ BARTA-ს კონკურსი ღიაა პირველი კატეგორიის კომპანიებისთვის და ჯგუფებისთვის, ასევე ყველა კომპანიისთვის, რომელიც საზოგადოებრივი დაინტერესების პირია.
წლევანდელ კონკურსთან დაკავშირებულ სიახლეებზე “საქმის კურსის” ეთერში მსოფლიო ბანკის უფროსმა კონსულტანტმა მართვის სფეროში, ირინა გორდელაძემ ისაუბრა.
“მე-6 წელია, რაც BARTA-ს კონკურსი იმართება და ეს ღონისძიება ჩვენი კორპორაციული სამყაროსთვის უკვე ტრადიცია გახდა. წელს ბევრი სიახლე გვაქვს. ივნისში ძალიან საინტერესო ღონისძიება გვქონდა, სადაც დაინტერესებულ კომპანიებს ჩავუტარეთ მასტერკლასი კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების შედგენაზე. ასევე მოვიწვიეთ კომპანიები, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ, ჟიურის წევრებისთვის კითხვები დაესვათ და გაეგოთ მეტი, თუ როგორ უნდა მიიღონ კონკურსში მონაწილეობა. ძალიან ბევრი კომპანია მოვიდა ამ ღონისძიებაზე, რომელთაც კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებით ინტერესი გამოხატეს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დავამატოთ განსაკუთრებული ნომინაცია, ეს მხოლოდ წელს იქნება სავარაუდოდ. ეს არის ნომინაცია “საუკეთესო დებიუტანტი კომპანია”, ანუ ახალი შემოტანილი ანგარიშგებებიდან საუკეთესოს შევარჩევთ და დავაჯილდოებთ. ეს იქნება უკვე მეათე პრიზი.
ასევე ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ კონკურსის განახლებას და საერთაშორისო ტრენდების გაზიარებას. თუმცა ეს ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი სიახლეა - მდგრადობის ანგარიშგება და ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ევროკავშირში უკვე სავალდებულო გახდა მდგრადობის ანგარიშგების შედგენა და წარდგენა. მსოფლიო ბანკი ამ მიმართულებით ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს ეხმარება. გვაქვს ახალი რეგიონული პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის დირექტივებთან. ეს ვალდებულება ჩვენთანაც შემოვა რამდენიმე წელში.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ მესამე ნომინაცია დავამატეთ მდგრადობის ანგარიშგებისთვის. აქამდე მხოლოდ ორი ნომინაცია გვქონდა - საუკეთესო მდგრადობის ანგარიშგება და საპატიო პრიზი მდგრადობის ანგარიშგებისთვის. თუმცა გადავწყვიტეთ, რომ უფრო მეტი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ მდგრადობას და ყველა კატეგორიაში თითო ნომინაცია იქნება ამ მიმართულებით. ცალკე იქნება მდგრადობის ანგარიშგება მსხვილი ფინანსური კომპანიებისთვის, ცალკე მსხვილი არაფინანსური კომპანიებისთვის და ასევე საშუალო და მცირე კომპანიებისთვის. ანუ ყველა ტიპის კომპანიას ექნება შესაძლებლობა, ეს პრიზი მიიღოს”, - განაცხადა ირინა გორდელაძემ.
საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს რიგით მეექვსე დაჯილდოების ცერემონია 13 დეკემბერს გაიმართება.
ცნობისთვის, BARTA 2019 წელს ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა კორპორაციული ფინანსური ანგარიშგებების ფუნდამენტური გადახედვის ინიციატივა წამოაყენა.