"ბრითიშ ამერიკან ტობაკო" (BAT) ქართულ ბაზარზე საქმიანობას აგრძელებს. თუმცა, BMG-ის კომპანიაში განუცხადეს, რომ მათ ბიზნესმოდელში ცვლილებები განხორციელდა. კომპანიის განმარტებით, მათი წარმომადგენლობის სტრუქტურის ცვლილება და მისი შემცირება მხოლოდ საქართველოს ბაზარს არ შეეხო და ისინი მსგავს ცვლილებებს სხვა ქვეყნებშიც ახორციელებენ.
“მინდა მოგახსენოთ, რომ "ბრითიშ ამერიკან ტობაკო" და მისი ბრენდები რჩება ქართულ ბაზარზე და სამომავლოდ აქვს მნიშვნელოვანი გეგმები, რომელსაც ადგილობრივი პარტნიორის საშუალებით, მისი შესაძლებლობების გაძლიერებით განახორციელებს. BAT-ში შეიცვალა ბიზნესის მოდელი, რომელიც დაკავშირებულია და გამომდინარეობს BAT-ის გლობალური ტრანსფორმაციის სტრატეგიიდან, რაც გულისხმობს კომპანიის ტრანსფორმაციას, რომ ის გახდეს უფრო ძლიერი, სწრაფი და მარტივი ორგანიზაცია. ტრანსფორმაციის სტრატეგია გლობალურად მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ხორციელდება.
BAT-ის გუნდი რჩება საქართველოში, "თ&რ დისტრიბუშენთან" ერთად და ბაზარზე უკვე წარმოდგენილი ბრენდების გარდა, ისეთები როგორიცაა Kent, Lucky Strike, Pall Mall, Rothmans, თავის მომხმარებელს ახალ პროდუქტებსაც შესთავაზებს,” - განმარტავენ კომპანიაში.
BAT-ის 2020 წლის ფინანსური შედეგები, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა reportal.ge-ზე გამოქვეყნებული 2019 წლის ფინანსური ანგარიშგების თანახმად, კომპანიის შემოსავალი ქართულ ბაზარზე 151 მილიონი ლარი იყო. BAT-ის პროდუქციის
დისტრიბუციას კომპანია „თ &რ დისტრიბუშენი” ახორციელებს. 2019 წელს კომპანიის გლობალური გაყიდვები $33 მილიარდი დოლარი იყო.