მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბათუმი სარფის 11-კილომეტრიანი გზის მშენებლობის €300-მილიონიანი ტენდერის დასრულება მეორედ გახანგრძლივდა

გვირაბი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბათუმი-სარფის 11.3-კილომეტრიანი მაგისტრალის მშენებლობის 307 მილიონი ევროს ღირებულების საერთაშორისო ტენდერის დასრულება გადავადდა. კომპანიებს წინადადებების წარსადგენად ვადა 2026 წლის 10 თებერვლამდე გაუხანგრძლივდათ. ეს ამ ტენდერის უკვე მეორე გადავადებაა. თავდაპირველად 2025 წლის ნოემბერში გამოცხადებული სატენდერო მოწვევით, წინადადებების მიღება 22 დეკემბერს სრულდებოდა, რაც ჯერ 20 იანვრით, შემდეგ კი 10 თებერვლით შეიცვალა.

როგორც 2025 წლის დეკემბერში ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ განაცხადა, პროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო სამშენებლო კომპანიებისგან საკმაოდ მაღალი ინტერესი დაფიქსირდა.

საქართველოს მთავრობამ ბათუმი-სარფის მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით აზიის განვითარების ბანკთან 306.6 მილიონი ევროს საკრედიტო შეთანხმება 2025 წლის ოქტომბერში გააფორმა, რის შემდეგაც საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა.

პროექტის მიხედვით, საქართველო თურქეთს ახალი მაგისტრალით დაუკავშირდება. ზღვის სანაპიროს მომიჯნავედ არსებული გზა ჩანაცვლდება ახალი ასფალტ ბეტონის გზით, რომელიც მდინარე ჭოროხზე ახალი ხიდით ბათუმის შემოვლით გზას დაუკავშირდება. ახალი მაგისტრალის მთავარი მონაკვეთი იქნება 7.6-კილომეტრიანი გვირაბი, რომელიც დასახლებულ პუნქტებს გვერდს აუქცევს.

პროექტი აზიის განვითარების ბანკის მიერ ფინანსდება. გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ზედამხედველობის მომსახურების ვადა 48 თვეა.

11.3-კილომეტრიანი გზის პროექტი, რომელიც დასახლებულ პუნქტებს - გონიოს, კვარიათსა და სარფს გვერდს უვლის:

"საპროექტო გზის ჯამური სიგრძე შეადგენს 11,4 კმ-ს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: კვანძის, 3 სახიდე გადასასვლელის (მათ შორის 1.5-კილომეტრიანი ხიდის) და ორზოლიანი გვირაბის მშენებლობა, ასევე გზის ბოლო მონაკვეთზე, სოფ. სარფის ტერიტორიაზე არსებულ გზაზე, იგეგმება გაფართოებითი სამუშაოების განხორციელება.

საპროექტო გზის დერეფანი იწყება მდინარე ჭოროხის მარჯვენა სანაპიროდან კვანძის მოწყობით, შემდგომ გზა გრძელდება სახიდე გადასასვლელით, რომელიც მოეწყობა მდ. ჭოროხზე. ხიდის შემდეგ, სოფ. ჭარნალთან საპროექტო გზის დერეფანი გაგრძელდება 7,6 კმ სიგრძის გვირაბით, რომელიც გაივლის სოფ. ჭარნალისა და სოფ. ახალსოფლის ტერიტორიებზე. გვირაბის შემდეგ გზა გრძელდება სოფ. სარფის მიმართულებით და ხიდის მეშვეობით, სოფ. სარფის ტერიტორიაზე უერთდება არსებულ (საერთაშორისო მნიშვნელობის E70) საავტომობილო გზას, სადაც მოხდება გზის სავალი ნაწილის გაფართოება საქართველო-თურქეთის საზღვრამდე," - ნათქვამია პროექტის აღწერაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები