საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ბათუმი–სარფის მაგისტრალური გზის მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.
პროექტი განხორციელდება აზიის განვითარების ბანკის სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის
თანადაფინანსებით. სამშენებლო სამუშაოების ვადა 48 თვეა. დაინტერესებულმა კომპანიებმა
წინადადებები არაუგვიანეს 2025 წლის 22 დეკემბრის 16:00 საათისა უნდა წარადგინონ.
ბათუმი–სარფის გზის მშენებლობის პროექტი ითვალისწინებს 11.3 კმ-იანი 2 ზოლიანი გზის, 7.6 კმ
სიგრძის გვირაბის და 3 ხიდის, აქედან 1.47 კმ სიგრძის ვიადუკისა და 500 მ სიგრძის ზღვის ნაპირის
გასამაგრებელი ნაგებობის მშენებლობას.
ბათუმი–სარფის 11.3 კმ-იანი გზა აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის
მნიშვნელოვანი მონაკვეთია, რომელიც ბათუმის შემოვლით მაგისტრალურ გზას შეუერთდება და
საქართველოს საზღვარს თურქეთის რესპუბლიკასთან დააკავშირებს.
6 ოქტომბერს, "ქართული ოცნების" ფინანსთა მინისტრმა და აზიის განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, ლესლი ბერმან ლამმა ხელი მოაწერეს ბათუმი-სარფის 11.3-კილომეტრიან მაგისტრალის დაფინანსებისთვის 306.6 მილიონი ევროს საკრედიტო შეთანხმებას.
აღნიშნული მაგისტრალი წარმოადგენს უკვე გახსნილი ბათუმის შემოვლითი გზის გაგრძელებას და ის საქართველოს თურქეთთან დააკავშირებს.




























